უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება დანაშაულია – შოთა ხაბარელი სააკაშვილზე 

პარლამენტის წევრი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმიანება და აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება საქართველოს მოსახლეობას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისკენ მოუწოდოს.

“სააკაშვილი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, არ ვიცი, რა უფლებით აკეთებს ასეთ განცხადებებს. ხალხს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს, ეს არის დანაშაული”, – განაცხადა შოთა ხაბარელმა “მედიაცენტრ  მთავარში“.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს მიმართა და მოქალაქეებს კვირას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად ვაშაძე აირჩია.

​ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად გია ვაშაძე აირჩია. მივესალმები ხალხის პრეზიდენტ გრიგოლ ვაშაძეს, მივესალმები გაერთიანებულ ოპოზიციას. ჩვენი ძალა ერთობაშია, ერთობით გავიმარჯვებთ. ივანიშვილი ცდილობს, რომ ჩვენ დავადანაშაულოთ ჩვენი ხალხი, ეს უკვე დავინახე ეს ზოგიერთ გამონათქვამში, ხალხი კარტოფილზე გაიყიდა, ხალხმა ფული აიღო, რა შუაშია ხალხი, ხალხმა ჩვენ მოგვცა ხმა, ნუ ადანაშაულებთ ხალხს, ივანიშვილს ეს უნდა. დამნაშავე მხოლოდ ბინძური ბიძინა ივანიშვილია, საქართველო დაუძინებელი მტერი. კვირას ყველანი თავისუფლების მოედანზე, თბილისის ცენტრში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მასშტაბურ აქციების გამართვით იმუქრება.

მსგავსი თემები