უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის მიღების წესები უნდა გამკაცრდეს – კახა კალაძე

უცხოელების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებას თბილისის მერი კახა კალაძე დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მიღების წესები გამკაცრდეს. კერძოდ, 300 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია განუსაზღვრელი ვადით მიიღოს საქართველოში ბინადრობის უფლება. კალაძის მოთხოვნაა, 300 ათასი ლარი შეიცვალოს 300 000 აშშ დოლარით, ხოლო განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება – 5 წლიანი ვადით.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, “ბინადრობის შესახებ კანონის” მოქმედ რედაქციაში არსებობს ხარვეზები, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ისინი მათ სასარგებლოდ გამოიყენონ. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 ათასი აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. მაგრა, თუ იგი ამ საკუთრებას სხვას გადასცემს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას.

​ძალიან ბევრია შემთხვევაა, როდესაც ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას, შემდეგ ფიქციურად გადააფორმებს სხვა პირებზე და ისინიც იღებენ ბინადრობის უფლებას. ატრიალებენ ე.წ. კარუსელს, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ჩამოვიდნენ საქართველოში და კანონის ფარგლებში აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა, მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი უნდა იყოს ისეთი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან მოვიდეს შესაბამისობაში”, – აცხადებს კახა კალაძე.

მისივე თქმით, ამ საკითხზე იგი ესაუბრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორ დეპუტატებსაც და საკუთარი ხედვა გააცნო.

კალაძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნება 100 ათასი აშშ დოლარის ქონების შეძენა. ხოლო პირი, რომელიც სხვა გადასცემს ქონებას დაკარგავს ბინადრობის უფლებას.

მსგავსი თემები