უშგულში უკანონო მშენებლობებმა, შესაძლოა, ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება გამოიწვიოს

“უშგულში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული უკანონო თანამედროვე მშენებლობები მნიშვნელოვნად ხელყოფს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარემოსა და სივრცით-გეგმარებით ავთენტურობას, შესაბამისად მის „გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას“, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება”, – ასე ეხმაურება “ICOMOS საქართველო” სოფელ ჩაჟაშის(უშგული, ზემო სვანეთი) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე შექმნილ ვითარებას.

როგორც “ICOMOS საქართველოს” განცხადებაშია ნათქვამი, სოფელ ჩაჟაშის ისტორიულ ნაგებობებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შემუშავებული პროექტის დარღვევით ხორციელდება – იყენებენ არატრადიციულ, არათავსებად მასალებსა და ტექნოლოგიებს, რაც საავტორო ზედამხედველობის არარსებობისა და არასაკმარისი მონიტორინგის შედეგია.

“უშგულის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარშემო შექმნილი ვითარება სიღრმისეულად უკავშირდება ძეგლის მართვის სისტემის პრობლემებს. ეს პრობლემა უკვე მრავალი წელია დგას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სექტორის წინაშე და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაშიც.

ICOMOS საქართველო მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ დასაწყებია მუშაობა ძეგლის ადგილზე მართვის გასაუმჯობესებლად, ახლად შექმნილ მუზეუმ-ნაკრძალს ესაჭიროება ინსტიტუციური გაძლიერება. დასამუშავებელია ძეგლის მართვის გეგმა, რომელიც მკაფიოდ გამოკვეთავს, არა მხოლოდ დარგობრივი ინსტიტუციებისა და ადგილობრივი თემის ჩართულობასა და პასუხისმგებლობებს უშგულის, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის მიმართ, არამედ ასევე მთავრობის, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობასაც, როგორც ეს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციით არის განსაზღვრული”, – ნათქვამია „ICOMOS საქართველოს“ განცხადებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შესამოწმებლად, ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ექსპერტების ჩამოსვლა უშგულში მომავალ წელს იგეგმება.

მსგავსი თემები