უქმნის თუ არა ეპიდსიტუაციას საფრთხეს 20 ივნისს დაგეგმილი აქცია? – ამირან გამყრელიძის განმარტება

“ნებისმიერი დიდი თავყრილობა არის რისკის შემცველი, მაგრამ თუ იქნება დაცული პირობები – ორმეტრიანი დისტანცია, პირბადეების ხმარება და ის რეკომენდაციები, რასაც ვიძლევით, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ოპოზიციის მიერ 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„ხაზს ვუსვამ, ეს უნდა მოხდეს არა ისე, როგორც ჩვენ მივდივართ აქციებზე და ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით, ვეხვევით და ა.შ. ეს ყველაფერი დაუშვებელია. კარგახანს უნდა გადავეჩვიოთ ამას. ახლა რომ ვხვდებით ერთმანეთს, ხელს ხომ აღარ ვართმევთ? მუშტით ვადებთ ერთმანეთს ხელს. ხომ მივეჩვიეთ ამას? ტრადიცია გახდა. ასევე, ძალიან გვიჭირს ჩვენი ტრადიციული დღესასწაულების და, ასე ვთქვათ, სადღესასწაულო დღეების, დიდი დაბადების დღეების, ქორწილის, ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ ჭირის სუფრებზე უარის თქმა. თუმცა, ამასაც მივეჩვიეთ. ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ ეს სადღაც ირღვევა ხოლმე. ამიტომ, როგორმე უნდა გავიჭირვოთ და გამოვიყენოთ ის მძლავრი იარაღი, რაც ამ დაავადების წინააღმდეგ არსებობს – დისტანცია, პირბადე, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, ვინაიდან ჯერ არც ვაქცინა არაა და არც პირდაპირი მოქმედების წამალი არ არსებობს“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ოპოზიცია 20 ივნისს 2019 წლის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავს.

მსგავსი თემები