უფრო ადვილია იყო მთავრობის მეთაური, ვიდრე დედაქალაქის მერი – სოფო ხორგუანი

თბილისის მთაწმინდის რაიონის შუალედური არჩევნების დეპუტატობის კანდიდატი სოფო ხორგუანი, დედაქალაქის პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქაოსური განაშენიანება, ხმაური, ბიზნესისა და მოქალაქეების ინტერესები, ნარკოპოლიტიკა, ეს ის თემებია, რომელზეც მას საკუთარი ხედვა აქვს ჩამოყალიბებული და დეპუტატად არჩევის შემთხვევაში ამ მიმართულებით წარმართავს მუშაობას. 

“მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე სოფო ხორგუანმა თავის სამომავლო გეგმებზე და დედაქალაქის პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს გაცილებით ადვილია იყო მთავრობის მეთაური, ვიდრე თბილისის მერი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის თბილისის საკრებულოს არჩევნები, მთაწმინდის რაიონის პრობლემები პარლამენტის დეპუტატისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

“მთავარი პრობლემაა ქაოსური განაშენიანება. დედაქალაქის ეს რაიონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით არის დახუნძლული. ამ დროს გამგეობას არ გააჩნია ინფორმაცია, თუ რამდენი ავარიული ძეგლი და შენობაა რაიონში. ​ოპოზიციის კრიტიკა ხმაურიან თემებზე მიდის, კონკრეტული საკითხები კი ყურადღების მიღმა რჩება. ერთი შეხედვით ელემენტარული საკითხებია, რასაც სჭირდება მონდომება. როცა ვსაუბრობთ რაღაცა ტიპის საყოფაცხოვრებო პრობლემაზე, ძალიან ჭირს იპოვო პასუხისმგებელი პირი კონკრეტული საკითხის მოგვარებისთვის. არ მუშაობს ხმაურის შესახებ კანონიც, რომელიც დიდი ზარ-ზეიმით მივიღეთ. ​მართველობის ახალი სისტემაა შესაქმნელი. სანამ დიაგნოზს დასვამ, საჭიროა ინფორმაცია, რომლის საფუძველზე ნიშნავ მკურნალობას”, – აცხადებს სოფო ხორგუანი.

მისივე თქმით, დედაქალაქში ბევრი სასიკეთო კეთდება, მაგრამ იმავდროულად კანონმდებლობაში არსებობს თეთრი ლაქები თუ შავი ხვრელები, რომელთა ამოქოლვის შემთხვევაში, თბილისელებისთვის ბევრი საკითხი გადაწყდება. 

“​დღეს ისეთი ვითარებაა, რომ გაცილებით იოლია იყო მთავრობის მეთაური, ვიდრე დედაქალაქის მერი. ერთ ადგილას ძალიან ბევრი პრობლემაა თავმოყრილი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დაწყებული. ეს პრობლემები სააკაშვილისა და შემდეგი ხელისუფლების პირობებში კიდევ უფრო დაგროვდა და მხოლოდ ფასადური მმართველობის შედეგად, თითქოს, რაღაც გარედან კეთდებოდა, უკან უამრავი პრობლემა დარჩა. ეს ყველაფერი ახლა იჩენს თავს. დღეს შედარებით უკეთესი ვითარება გვაქვს იმიტომ, რომ უფრო მეტი თავისუფლება გვაქვს. ეს თავისუფლება გვაძლევს საშუალებას ყველა პრობლემაზე კონცეტრირებულნი ვიყოთ. ისე იოლად ვეღარ ფუჭდება საქმეები, როგორც დახურულ სივრცეში შეიძლებოდა გაფუჭებულიყო”, – განაცხადა სოფო ხორგუანმა “მთავარში”. 

მისივე თქმით, არ აპირებს მაისში არჩევნებს დაელოდოს. ყველა ამ პრობლემაზე მანამდე აპირებს მუშაობას სანამ პარლამენტის დეპუტატად აირჩევენ.

მისი აზრით, თბილისი ისე უნდა განვითარდეს, რომ ერთმანეთს ბიზნესისა და მოქალაქეების ინტერესები არ დაუპირისპირდეს. კიდევ ერთი თემა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა. დედაქალაქის შემოგარენში, – კოჯორი, ოქროყანაში, წყნეთში, მოსახლეობა შემოსავლის მიზნით თავიანთ საცხოვრებლებს აქირავებს, ხვალ შესაძლოა მათ პრობლემები შეექმნათ. ამ მიმართულებით ვაპირებ მუშაობას.

“განვითარება გვჭირდება იმიტომ, რომ იქ მცხოვრებმა ადამიანებმა იცხოვრონ კარგად, იმიტომ, რომ ქალაქი არ არის მხოლოდ შენობები, ეს არის იქ მცხოვრები ადამიანები. აქტიურად ვაპირებ მუშაობას ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. თითქოს, ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ის სპეკულაციის თემად რჩება. მხარეები ერთმანეთს ხმამაღალ განცხადებებში ეჯიბრებიან, მაგრამ დიდი ინდუსტრია ხელშეუხებელია. მხოლოდ გამსაღებლების დაკავება ამას არ შველის. სამწუხაროდ ეს ზიანი არ მცირდება ახალგაზრდებში. სურათი არ იცვლება”, – აცხადებს სოფო ხორგუანი.  

მსგავსი თემები