უსინდისო კანონიც უნდა შეიცვალოს და უსინდისო განაჩენის მიმღები მოსამართლეც – მირიან წიკლაური ​

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციან სიას, სანამ მათ მიმართ არსებულ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა.  

როგორც მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უსინდისო კანონიც კი უნდა შეიცვალოს, არა თუ მოსამართლე, რომელიც უსინდისო განაჩენს გამოიტანს. 

“არსებობს სულხან მოლაშვილის, გირგვლიანის და სხვა გახმაურებული საქმეები, სადაც მოსამართლეებმა მაშინდელი ხელისუფლების საამებელი გადაწყვეტილებები მიიღეს. თუ ისინი ცამდე მართალი ადამიანები არიან და მათ წინააღმდეგ აგორებული კამპანია მხოლოდ ჭორია და ისინი ცილისწამების მსხვერპლნი არიან, მე მათ მხარს დავუჭერ. ამ მოსამართლეების მიმართ გარკვეული კითხვები მაქვს. კითხვები აქვს საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს. სანამ ამ კითხვებს პასუხები არ გაეცემა, ჩემი მხრიდან ამ სიის მხარდაჭერა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის პოზიციას რაც შეეხება, როგორც მირიან წიკლაური აცხადებს, უმრავლესობის შეხვედრებზე, ივანიშვილი თავის პოზიციას თითქმის არ აფიქსირებს და ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს. პარტიის წევრებს ურჩევს საკითხი განიხილონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. 

“სწორედ ამის იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა განიხილავს დეტალურად და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოებისთვის. ფაქტები უნდა დაიდოს. საჭიროა ყველა ფაქტის განხილვა, ბოლომდე ჩაწვდომა და გადაწყვეტილების ისე მიღება. აღმოჩნდა, რომ ტურავას საქმესთან დაკავშირებით, თავის დროზე, მურუსიძეს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. ტურავა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ავირჩიეთ. ის დამნაშავე თუ იყო, არ უნდა გაგვეხადა ღირსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გამხდარიყო. თუ არ იყო დამნაშავე, მაშინ, ვინც გამოიტანა ის გადაწყვეტილება, თითქოს ეს კაცი დამნაშავე იყო, ის არის ხომ დამნაშავე? რაღაც შეუსაბამობას აქვს ადგილი, ეს ჩემში კითხვას ბადებს, როცა მივიღებ პასუხებს, მივიღებ გადაწყვეტილებას”, – აცხადებს მირიან წიკლაური. 

მისი მოსაზრებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა იქცეოდეს კანონისა და საკუთარი სინდისის შესაბამისად. არავის ზეგავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს, თუ კი მან ერთხელ მაინც დაუშვა გადაცდომა და კომპრომისზე წავიდა, მნიშვნელობა არ აქვს რის გამო; თუ მას შეეშინდა და დათმო საკუთარი პრინციპები, თავისთავად ცხადია ასეთი პიროვნება მიუღებელი იქნება უზენაესი სასამართლოს წევრად.

“როგორც ცუდ ექიმს ვერ ვანდობთ ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვერც საკუთარ ბედს ვანდობთ მოსამართლეს, რომელსაც შეუძია სამართლიანობის საპირისპიროდ, ხელისუფლების მაამებელი გადაწყვეტილებების გამოტანოს. ასეთ ადამიანს მე, ჩემ ბედს თუ არ ვანდობ, რატომ უნდა ვანდო სხვისი ბედი. მე თუ მას ხმა მივეცი და მან შემდგომ არამართებული გადაწყვეტილება გამოიტანა, მის უსამართლო ქმედებაზე პასუხისმგებლობა მეც მეკისრება. ასე უნდა მივუდგეთ ყველა ჩვენგანი საქმეს – სინდისის და კანონის წინაშე ვიყოთ მართალნი”, – განაცხადა მირიან წიკლაურმა “მთავარში”. 

მსგავსი თემები