უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგაშო მდგომარეობაა – ენერგოომბუდსმენის ანგარიში “მედიაცენტრ მთავარში”

სალომე ვარდიაშვილმა, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, წლის შემაჯამებელი დოკუმენტი წარმოადგინა და 2019 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის აპარატის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული უწყება, ტრადიციულად, ყოველი წლის დეკემბერში მიმდინარე წელს აჯამებს, ყოველი წლის მარტში კი, მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, შინაარსობრივ დოკუმენტს წარმოადგენს, სადაც კონკრეტულ დარღვევებსა და შესაბამის რეაგირებებზეა საუბარი.

როგორც მომმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა სალომე ვარდიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსახლეობის მომართვიანობის რაოდენობა, 2014 წლიდან რეკორდულ მაჩვენებლს აღწევს და წელსაც, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრირებული სრული კორესპონდენციის რაოდენობა 4497-ს შეადგენს, ფრონტ-ოფისებში მოქალაქეთა ყოველდღიური კონსულტაციების რიცხვი კი, 9521-ია.  

განცხადებების რაოდენობის მიხედვით, „ლიდერი“ წყალმომარაგების სექტორია. 2019 წელს, რეკომენდაციების შედეგად ჩამოწერილი თანხებიც, შესაბამისად, ასე გამოიყურება: ელექტროენერგია – 130 792.82; წყალმომარაგება – 193 880. 72; ბუნებრივი გაზი – 24 251 43.

ჯამში, 2019 წელს, გადაწყვეტილებების საფუძველზე, ჩამოწერილია 371 ათასი ლარი, რეკომენდაციების საფუძველზე კი, 350 ათასი ლარი.

მიმდინარე წელს, საქარველოს უამრავ რეგიონში გაიმართა აქცია „მოძრავი ოფისი“, რაც ითვალისწინებდა შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან ელექტროენერგიის, სასმელი წყლისა და ბუნებრივი გაზის სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

ენერგოომბუდსმენის განმარტებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბუნებრივი გაზის სექტორში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა. 2019 წლის განმავლობაში, დაფიქსირდა უამრავი შემთხვევა, როდესაც ადგილი ჰქონდა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად, ბუნებრივი გაზის აფეთქებას, აგრეთვე, მხუთავი აირის დაგროვების შედეგად, ინტოქსიკაციის შემთხვევებს, რა დროსაც დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევებიც.

რაც შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობას, ის კვლავ რჩება მნიშვნელოვან მიმართულებად საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობაში.

ენერგოომბუდსმენის განმარტებით, მომხმარებელსა და მომსახურე კომპანიებს შორის მედიაციის კულტურის დამკვიდრება და განვითარება წარმოადგენს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას, ენერგოომბუდსმენის სამსახური კი, მედიატორის როლის შესრულებით, წარმოადგენს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ პირს, რომელიც მხარეებს ეხმარება კონსენსუსის მიღწევაში. მედიაცია მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, მოაგვარონ დავა სასამართლო პროცესის გარეშე და მიღებულ იქნას მხარეთათვის ორმხრივად სასარგებლო გადაწყვეტილება.

ნებისმიერ მოქალაქეს, შეუძლია მიმართოს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს, როგორც სოციალური ქსელის მეშვეობით (facebook:Energi Ombudsman), ასევე ვებ-გვერდზე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: www.pdci.ge.

მსგავსი თემები