“უსამართლო 9 წლიანი სასჯელიდან შევძლებ კიდევ 2-3 წელს გავუძლო” – ბაჩო ახალია არჩევნებზე

პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავდაცვის ექსმინისტრი ბაჩო ახალაია, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ციხიდან ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყნის პრეზიდენტი, “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე გახდება, არ აპირებს ამნისტია ითხოვოს.

ბაჩო ახალაიას აზრით, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალია და იგი მზად არის, ამისთვის პატიმრობაში დარჩეს, რათა მისი არსებობა, გაერთიანებული ოპოზიციისთვის არ იქცეს დაბრკოლებად გამარჯვების მიღწევაში. “დღეს საქართველოსთვის გასაწევი სამსახური, როგორც ჩანს ჩემთვის ასეთია”, -მიაჩნია ახალაიას.

როგორც ექსმინისტრი სოციალურ ქსელში წერს, პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ის არ აპირებს  ახალ ხელისუფლებას თანამდებობა სთხოვოს.

” ჩემი პირადი თავისუფლება ნამდვილად არ არის იმ მნიშვნელობის, რომ ეპოქალურ პოლიტიკურ ბრძოლას ან დღეს ან ხვალ რამეში უშლიდეს ხელს. სიმართლის თქმას არაფერი უდგას წინ, 2012 წელს მე თვითონ წავედი ციხეში, “ქართულმა ოცნებამ” 9 წელი მომისაჯა, მე-7 წელია ვიხდი სრულიად უსამართლო სასჯელს, მაგრამ დღესაც, ისევე, როგორც 2012 წელს, იმისათვის რომ ჩემი არსებობა არ გახდეს საერთო ეროვნული მიზნების მიღწევაში რამე დაბრკოლება, მინდა საჯაროდ ვთქვა მე არ ვაპირებ მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით, ჩემი მისდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად არ ვთვლი, რომ ამხელა უსამართლო სასჯელის მოხდის მიწურულს რამე შეწყალება მჭირდება.
საქართველოში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი რეალობაა. ახალი ხელისუფლება არც დააპირებს რამე სახელმწიფო სამსახური შემომთავაზოს, მაგრამ ასეთი საოცრება რომც მოხდეს, მე ჩემი მხრიდან არც არანაირი სურვილი არ მაქვს რამე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის “, – წერს ბაჩო ახალაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

მსგავსი თემები