„უპასუხისმგებლო და უტვინო პოლიტიკოსების მხრიდან ადამიანებით მანიპულირებისთვის,  მსგავსი ვითარება კომფორტულია“ – დეპუტატი  

„ჩვენ გადავიტანეთ  ერთი  სამოქალაქო ომი,  ორი  ტერიტორიული კონფლიქტი და გადავიტანეთ ომი რუსეთთან. უპასუხისმგებლო და უტვინო პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ყოველთვის ჭარბობდნენ პოლიტიკაში, მსგავსი ვითარება  არაჩვეულებრივი ნიადაგი იყო, რომ ადამიანების მანიპულირება მოეხდინათ“ – აღნიშნა პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესების შეფასებისას.

კითხვაზე,  აღნიშნული პროცესები ტოვებს თუ არა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მართულობის შთაბეჭდილებას, დეპუტატმა უპასუხა, რომ ზოგი ამას გათვითცნობიერებულად აკეთებს, ზოგიც გაუთვითცნობიერებლად.

„ვინ  გაცნობიერებულად მოქმედებს და ვინ გაუცნობიერებლად, ნამდვილად რთულია ამაზე ლაპარაკი. თუ, ჩვენ, მართლა განვითარება, დეოკუპაცია, ამ ქვეყნის გადარჩება გვიდა, ადამიანების სასოწარკვეთილებიდან გამოყვანა გვინდა, 2 ერთმანეთის მკვებავი პოლიტიკური ძალა არ უნდა  ფიგურირებს ამ ქვეყანაზე, სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი მიმდინარე პროცესებზე. ძალიან მაინტერესებს, ვისი 20 წლიანი ბრძოლის მონაპოვარია პროპორციული სისტემა? ამ ადამიანების ინტერესი მხოლოდ ინდივიდუალური ამბიცია და ძალაუფლების წყურვილია. „ნაც მოძრაობას“ მხოლოდ ეს წყურვილი გააჩნია“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ, არჩევნების პროპორციული სისტემის მნიშვნელობა კარგად უნდა აუხსნას, რომ მას არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდეს.

„კარგად არის ასახსნელი ადამიანებისთვის რას ნიშნავს პროპორციული სისტემა. ეს ძალიან ბევრ მოქალაქეს გაუჩენს იმედს, რომ მისი ხმა მართლაც მისი კონკრეტული ინტერესებისთვის იყოს მიმართული და  გათვითცნობიერებული არჩევანი გააკეთოს. ჩემთვის მნიშვენელოვანია, ერთხელ და სამუდამოდ, დაიწყოს პოლიტიკა, შევიდეთ პოლიტიკურ პროცესებში და მუდმივად, ადამიანებით მანიპულირება არ ხდებოდეს. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ პოლიტიკას და ვისაუბროთ იმაზე, როგორ დავიხსნათ ეს ქვეყანა. აი, ეს არის პოლიტიკა და არა ის, სკანდირება, პლაკატების გაკვრა და პროტესტი“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

მსგავსი თემები