უნიკალური შესაძლებლობების მქონე რობოტი „კუკა“ უკვე თბილისშია

7 მარტს თბილისში ევროკავშირის ხელშეწყობით დაფუძნებული სოციალური საწარმო “3D RTC” ოფიციალურად გაიხსნა. საწარმოში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი 2 მოზარდი დასაქმდა, რომელთა თვიური ანაზღურება 375 ლარია.

სოციალური საწარმო “3D RTC” ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებელს უნიკალურ სერვისს შესთავაზებს. რობოტი „კუკა“ საქართველოში პირველია და ის ქართულ ბაზარზე თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიების მოყვარულთ მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთვაზებს.

„კუკა არის საწარმოო რობოტი და აკეთებს ყველაფერს რაც რობოტს შეუძლია. ჩვენ პირველ ეტაპზე გამოვიყენებთ მას ქანდაკებების დასამზადებლად და 2D ბეჭდვაში. ჩვენ 20 წელია ბაზარზე ვმუშაობთ, ვქმნით კონცერტების დიზაინს, ვამზადებთ სცენებს, ვაწყობთ ივენთებს. პირველი შეკვეთა სწორედ სცენის გაფორმებასთან და დეკორაციების დამზადებასთან იქნება ორიენტირებული. დღევანდელი მოცემულობით 18 წლის შესრულების შემდეგ სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდები რჩებიან ცხოვრებასთან პირისპირ. ჩვენ კი მათ ისე მოვამზადებთ რომ რეალურ ცხოვრებაში როგორც სპეციალისტებმა შეაბიჯონ. ჩვენთან დასაქმებული მოზარდი მომავალშიც გააგრძელებს აქ მუშაობას, ჩვენ კონტრაქტიც გავაფორმეთ მასთან და ახლა ვართ ინტენსიური სწავლების პროცესში“, – ამბობს “მედიაცენტრ მთავართან” ალექსანდრე კასრაძე, სოციალური საწარმოს ერთ-ერთი დამფუძნებელი.

სოციალური საწარმო “3D RTC” საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში დაფუძნებული ერთ-ერთი სოცილაური საწარმოა.

როგორც პროექტის მენეჯერი თეა კაჭარავა “მედიაცენტრ მთავართან” აღნიშნავს, სოციალური საწარმოები, რომლებიც მათმა ორგანიზაციამ პარტნიორ არასამთვრობო ორგანიზაციებთან და მოქმედ ბიზნესებთან ერთად დააფუძნა, საკმაოდ ეფექტური გზაა ახალგაზრდების დასაქმებისათვის.

“ჩვენ გვაქვს ასეთი მიდგომა – მოზარდები ჯერ გადიან სტაჟირებას, სწავლობენ და იძენენ სხვადასხვა უნარებს, დამოუკიდებლად ირჩევენ მათთვის სასურველ საქმიანობას, და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი დასაქმება. სწორედ, მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლებთან პარტნიორობა განაპირობებს, ჩვენი აზრით, საწარმოს მდგრადობას და ამ ახალგაზრდებისათვის სტაბილურ სამუშაო გარემოს და შემოსავალს”, – აცხადებს კაჭარავა.

მათივე თქმით, 3D RTC” სოციალურ საწარმოს 17 ათასი ევროს ღირებულების რობოტი „კუკა“ გადაეცა საჩუქრად, რაც სოციალური საწარმოს მესვეურთ საშუალებას მისცემს მომავალში გაზარდონ სოციალურ საწარმოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და, ასევე, სამუშაო პროცესი გახადონ ეფექტური, მოიზიდონ მომხმარებელთა ფართო რაოდენობა და გაზარდონ სოციალური საწარმოს შემოსავლები. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და დივაინ ჩაილდ ფოუნდეიშენ ოფ ჯორჯია.

სოციალური საწარმო დაფუძნდა პროექტის „მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება“ ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი“ თანაგანმცხადებელ ორგანიზაციებთან ერთად (საზოგადოება „ბილიკი“, „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“), კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახორციელებს.

პროექტის მიზანია სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდების დასაქმების ხელშეწყობა ტრენინგების, სტაჟირებისა და სოციალური საწარმოების დაფუძნების გზით.

გაცნობებთ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, 6 სოციალური საწარმო დაფუძნდა.

მსგავსი თემები