უნიკალური არქიტექტურის მქონე დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს იბრუნებს

 

სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს იბრუნებს. უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კაპიტალურად გამაგრდა სასახლის კონსტრუქციული სეგმენტები; შენობა მოპირკეთდა ავთენტური წყობისა და ფორმის ძველი ქართული აგურით. სრულად რესტავრირდა ავთენტური კარ-ფანჯარა.

ისტორიულ შენობაში მოეწყო სავენტილაციო, კონდიცირებისა და გათბობის თანამედროვე კომუნიკაციები. სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2 მლნ ლარია. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება. ​

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდგომ, ნიკო დადიანის სასახლის ინტერიერში ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაიდებს ბინას. სასახლეში გამოიფინება ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული – XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, რომლებიც ამჟამად სამუზეუმო ფონდებშია დაცული.

მათივე ინფორმაციით, ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციის შემდეგ  დადიანების სამუზეუმო კომპლექსის მთავარი ნაგებობის – ეკატერინე დედოფლის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება. სააგენტოს ინიციატივით უკვე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ზუგდიდში ყოფნისას ადგილზე გაეცნო საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მან ასევე, მოინახულა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სხვა ობიექტებიც, მათ შორის მთავრისეული ტაძარი, სასახლესთან არსებულ ბოტანიკურ – დეკორატიული ბაღი და მუზეუმი, რომელიც დადიანის ძველი ნივთების საცავ-საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან გადმოტანილ ქართულ სიძველეთა ბაზაზე დაარსდა.

პრემიერი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის მიმდინარეობითაც დაინტერესდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს” დაფინანსებით მიმდინარეობს.



 

 

 

მსგავსი თემები