“უნდა იცოდე ფული რა გზით მოდის შენთან და გერგება თუ არა” –  სოსო ჯაჭვლიანი    

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წვერი, წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში უსასრულოდ გაგრძელდა სამართლიანობის აღდგენა, რამაც შედეგად მოიტანა ხალხის განაწყენება. განაწყენებული ადამიანების ძალიან დიდი პროცენტი არ მივიდა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ეს არის უზარმაზარი რეზერვი იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში  გაიმარჯვოს.

როგორც სოსო ჯაჭვლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და ​ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას კორუფცია და საეჭვო გარიგებები, დეპუტატებმა კი კომფორტი არ უნდა მოიწყონ.

“2012 წლის არჩევნების შემდეგ ერთი ადამიანი მოვიდა და მეუბნება, – ჩემი ობიექტი უნდა დავუბრუნო, უკანონოდ წამართვესო. მე ვუპასუხე, – ეს ობიექტი ნაციონალების დროს ხომ გაყიდე-მეთქი?
-კი, გავყიდე, მაგრამ დრო არის ახლა ისეთი.
ასეთი საქმეები რამდენია, როცა ულაზათო ადამიანებმა ეს გამოიყენეს და ამიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს სამართლიანობის აღდგენის პროცესი. ძალიან მჭირდება ფული, ძალიან მინდა ფული, მაგრამ ის უნდა იცოდე,  რა გზით მოდის ფული შენთან და გერგება თუ არა”, – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.

იგი მმართველი პარტიის შეცდომად მიიჩნევს იმას, რომ “ქართული ოცნების” ძველი გუნდი, რომელმაც 2012 წლის არჩევნები მოიგო, დღეს ჩრდილში აღმოჩნდა, ბევრი მათგანი მოიმდურეს და გაანაწყენეს.

“რატომ გაგრძელდა ასე უსასრულოდ სამართლიანობის აღდგენა? რატომ მოიცილა გვერდიდან “ქართულმა ოცნებამ” ის ადამიანები ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წინააღმდეგ, ასევე, შეესაბამებოდნენ ამა თუ იმ რანგის თანამდებობას. როცა ასეთ ადამიანებს გარიყავ, ძალიან ცუდია. შედეგიც არის ეს”, – აცხადებს ჯაჭვლიანი.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების “ქართულ ოცნებაში” ადაპტაციის პროცესი ჯერ კიდევ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დაიწყო.

მსგავსი თემები