“უნდა ვებრძოლოთ ნარკოტიკების არა მხოლოდ გასაღებას, არამედ, გავრცელებასაც” – მირიან წიკლაური

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური, თბილისის ღამის კლუბებში გუშინ, ღამის საათებში  განხორციელებულ სპეცოპერაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფომ კიდევ უფრო უნდა გაამკაცროს კანონი ნარკოგამსაღებლების წინააღმდეგ და ებრძოლოს არა მხოლოდ გასაღებას, არამედ,  ნარკოტიკების გავრცელებასაც.

მისი აზრით, გუშინდელი ფაქტით საქართველო არ არის გამონაკლისი. მსგავსი სპეცოპერაციები ხორციელდება ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში სწორედ ნარკოგამსაღებლების წინააღმდეგ, ხოლო სპეცოპერაციის წინააღმდეგ თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მცდელობა, რომ ეს ფაქტი რუსული თემით შეფუთონ, არის უშედეგო და მათთვის წამგებიანი, რადგან მათი მხრიდან კეთდება პოლიტიკური შინაარსის განცხადებები.

“რაც შეეხება სპეცოპერაციას, მსგავსი აქტები ხორციელდება ევროპულ სახელმწიფოებში, რაც არის კანონიერი და ლეგიტიმური. გაუგებარია მათი მხრიდან ის მოთხოვნები, რითაც სურთ დავემსგავსოთ ევროპას, მაგრამ არ სურთ იყვენენ კანონმორჩილები. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი შედეგია არასწორად დაწყებული ნარკოპოლიტიკის საჯარო განხილვების და უზომოდ დიდი პროპაგანდის. ჩვენ უნდა შევცვალოთ ნარკოპოლიტიკა საქართველოში, მაგრამ არა ისე, როგორც ითხოვენ, არამედ ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება”, – აცხადებს მირიან წიკლაური.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” დეპუტატმა განუცხადა, ნარკომომხმარებელთა მიმართ კანონი  ლიბერალური უნდა იყოს, მაგრამ გამსაღებლების მიმართ კიდევ უფრო გასამკაცრებელია.

“მთავარი საფრთხე არის ის, რაც უკვე მივიღეთ – მომხმარებელთა მიმართ ჰუმანურმა დამოკიდებულებამ, ამ თემის ერთგვარი პოპულარიზაცია გასწია, არადა ნარკოტიკები გადამდები სენია. სწორედ ამიტომ ფრთხილობს ხელისუფლება, რომ არ მოხდეს ჯერ კიდევ არამომხმარებლებში დაინტერესება და ერთგვარი წახალისება. ამიტომ უნდა ვებრძოლოთ არა მხოლოდ გასაღებას, არამედ,  გავრცელებასაც. ნარკოპოლიტიკა საზოგადოების ფართო განსჯის საკითხია და სწორედ ეს არის მიზეზი ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების დაყოვნების,“- განაცხადა მირიან წიკლაურმა.

მსგავსი თემები