„უნდა დავსაჯოთ ქუჩური გარჩევები, რომ მკვლელობის მცდელობა თავიდან ავიცილოთ“ – შს სამინისტრო

ქუჩური გარჩევა სს კანონმდებლობით დაისჯება. პარლამენტში შსს-ს საკანონმდებლო ინიციატივას ამ წუთებში იხილავენ. როგორც მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს ინიციატივა მოქმედი რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იყო, ხორავას ქუჩის ტრაგედიის თავიდან აცილება.

„გადავწყვიტეთ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონმდებლობა გავამკაცრეთ, გაგვეგრძელებინა კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის ხაზი. ეს გახლავთ სწორედ ქუჩური გარჩევების დარეგულირება კანონმდებლობით. ეს კანონი ადრე რომ გვქონოდა, ის 300-მდე შემთხვევა, რომელიც 2018 წელს გვქონდა, როცა დაჭრას წინ ქუჩური გარჩევები, შესაძლებლობა გვექნებოდა, თავიდან აგვერიდებინა. მათ შორის, ხორავას ქუჩის ტრაგედიაც, რომელსაც წინ უძღოდა გარკვეული დაპირისპირება“ – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაცით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გარდა, პრაქტიკაში სხვა შემთხვევებიც არსებობს, როცა, გარკვეულ მძიმე დანაშაულს წინ უძღოდა ქუჩური გარჩევები. ამიტომ, უწყება მუშაობს, რომ მძიმე დანაშაული საქმის ქუჩურ გარჩევებამდე აღიკვეთოს: „საუბარია იმაზე, რომ ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ ქმედების დასჯადობა იმისთვის, რომ უფრო მძიმე შედეგები ავიცილოთ თავიდან. მაგალითად, დავსაჯოთ ქუჩური გარჩევა იმისთვის, რომ მკვლელობის მცდელობა ავიცილოთ თავიდან“ – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი თემები