უმრავლესობის, ოპოზიციის, არასამთავრობოებისა და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებები ივანიშვილის პოლიტიკურ სვლაზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებას უბრუნდება, ის მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელებს.
როგორც მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება მის თხოვნას უკავშირდება.

„პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილებას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სხვადასხვაგვარად აფასებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება პოლიტიკაში, შესაბამისი ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს და რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება სათავეში.

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერის ინიციატივით, მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ხშირად ვსაუბრობდით, რომ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პარტია და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რესურსი და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება ბიძინა ივანიშვილი. ის სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში”.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არავითარ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო საკითხებსა და გადაწყვეტილებებზე.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე კი ამბობს, რომ ივანიშვილის დაბრუნება ოპოზიციისთვის მეხის გავარდნაა, ქვეყნისთვის კი დამშვიდება.

„ვერ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე კარგად ვიცნობდი და ვიცი მისი დამოკიდებულება ყველა იმ საკითხის მიმართ, რასაც იწყებს. მჯეროდა, რომ ის არ მიატოვებდა მის მიერ დაწყებულ სერიოზულ რეფორმებს. თუ იმ პრინციპებს, რითაც მოვედით, საფრთხე დაემუქრებოდა, ის აუცილებლად დაბრუნდებოდა. ამის შესახებ თავად გააკეთა განცხადება წასვლის წინ. ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება „ქართულ ოცნებაში“, ჩვეულებრივი პოლიტიკური მოვლენაა. გუნდში ყოველთვის არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს სხვადასხვაობა ღირებულებათა სხვადასხვაობაში არ უნდა გადაიზარდოს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს დაინახა და ისევ გუნდის პოლიტიკურ ხელმძღვანელად დაბრუნდა. მისი დაბრუნება გააერთიანებს გუნდს და კვლავ მონოლითურს გახდის,“ – აცხადებს დეპუტატი.

რაც შეეხება ოპოზიციას, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ივანიშვილის გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” პოლიტიკურ კრახს უწოდებს: „ეს არის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კრახი და ბიძინა ივანიშვილის მეორე მცდელობა, თავი მოუყაროს პოლიტიკურ გუნდს ქვეყნის სამართავად. ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში იმ შემთხვევაში თუ მეორედ მოსვლის ვითარება შეიქმნებოდა ანუ თუ ძალიან კრიზისული პროცესები განვითარდება ქვეყანაში და როგორც ჩანს, მან ჯანსაღად შეაფასა არსებული ვითარება – აქვს ამის ალღო, დაინახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კრიზისში შეიყვანა ქვეყანაც და საკუთარი თავიც და გადაწყვიტა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამ ნაწილში კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, თუ რაოდენ მძიმე ვითარებასთან გვქონდა საქმე. ახლა, მთელი კითხვა იმაშია, შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მის მიერვე დაშვებული შეცდომების გააზრებას პარტიული მშენებლობის ნაწილში და ჯანმრთელი და ჯანსაღი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას“.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ეტაპზე არც პრემიერის და არც პრეზიდენტის თანამდებობას არ დაიკავებს. მისივე შეფასებით, პარტიის თავმჯდომარეობა პარტიაში წესრიგის აღსადგენად სრულიად საკმარისია.

„არ ვფიქრობ, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება. მთავარი იყო მას მოეხდინა რეინტეგრაცია პოლიტიკაში. ამ ვითარებაში, მისი პარტიის თავმჯდომარეობა საკმარისია და მისი პრეზიდენტობა ახალ კონსტიტუციურ მოდელში სრულიად არ არის აუცილებელი. მთავარია, რომ მან რეინტეგრაცია პოლიტიკაში მოახდინა და დისციპლინა აღდგება. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე მისი პრემიერობის საკითხი დადგეს დღის წესრიგში. არ მგონია, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ის მიიჩნევს თვლის, პარტიის თავმჯდომარეობა წესრიგის აღსადგენად სავსებით საკმარისია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

„ბიძინა ივანიშვილის პარტიულ პოლიტიკაში დაბრუნება სიმბოლური თვალსაზრისით გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რამე სხვა“ – აღნიშნული შეფასება პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტს, ლინკოლნ მიტჩელს ეკუთვნის.

მისი თქმით, ეს სვლა კრიზისს არ ნიშნავს: „მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას სრულად მოცილებული არასოდეს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველდღიურ დონეზე, მის გარეშე არ მიღებულა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე, კარგია, რომ მას ახლა ოფიციალური პოზიცია ექნება, საიდანაც გავლენას მოახდენს. შესაბამისად, ამ სიტუაციას, როგორც “ქართულ ოცნებაში” კრიზისის ნიშანს, არ ვუყურებ”,- აცხადება მიტჩელი.

წლების უკან, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას დაემშვიდობა, საჭიროების შემთხვევაში დაბრუნებაც არ გამორიცხა. აი, რას ამბობდა ყოფილი პრემიერი 2015 წელს: „საბედნიეროდ არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა ჩანდეს. ადრეც მითქვამს და დღესაც შემიძლია განვაცხადო, რომ პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება. თუ დღევანდელი მთავრობა ხალხს აღარ მოუსმენს, მოხდება მსგავსი უზურპაცია ხელისუფლებისა, რაც სააკაშვილის დროს მოხდა.”

 

მსგავსი თემები