“უმრავლესობას არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი, რომ ერეკლე კუხიანიძეს გაუუქმოს მანდატი” – ბექა დავითულიანი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ერეკლე კუხიანიძის ფეისბუქპოსტს, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს ეხებოდა, ემიჯნება.

​მისი განცხადებით, სანამ ფრაქციის სხდომა არ შედგება და ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებას არ გააცნობენ, წინასწარი ვარაუდის გაკეთება სწორი არ იქნება. 

“საკრებულოს დატოვების უფლება და უფლებამოსილება ჩვენ არ გვაქვს. აქ საუბარია თანამდებობის დატოვებაზე. საკრებულოს დატოვების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება შექმნას სამმა რაღაცამ: ერეკლე კუხიანიძის პირადმა განცხადებამ, მისმა დამნაშავედ ცნობამ და ადამიანის გარდაცვალებამ. ამიტომ, ვინმეს მიმართ მანდატის დატოვების მოთხოვნის უფლება არის სამართლებრივად უშედეგო. ჩვენ ვერც ერთი ამას ვერ ვაიძულებთ. 

უმრავლესობას არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი, რომ ერეკლე კუხიანიძეს გაუუქმოს მანდატი, ამიტომ ამაზე მსჯელობას აზრი არ აქვს. ვიმეორებ, სხვა ბერკეტი უმრავლესობას არ აქვს, რომ ის საკრებულოდან გაათავისუფლოს”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანის თქმით, გადაწყვეტილებას საკუთარი სინდისისა და შინაგანი რწმენის მიხედვით მიიღებენ. 

მსგავსი თემები