უკულტურო და მაგინებელი დეპუტატები დაისჯებიან და უცხოეთში ვერ წავლენ

„ხეპრე“, „სულელი“, „ნაგავი“, “ქუჩის ქალი”, გინება, ფიზიკური დაპირისპირება – ეს, თანამდებობის პირისთვის შეუფერებელი იმ ქმედებების მცირე ჩამონათვალია, რითაც საკანონმდებლო ორგანო მაყურებელს უხვად „ანებივრებს.“

ამჯერად, დეპუტატების გაღიზიანებისა თუ ვნებების დასაოკებლად, გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭომ უნდა მიიღოს. დეპუტატებს შორის სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების მიუხედავად, ეთიკის საბჭო, დღეს პირველად შეიკრიბება. სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, ვის რა სანქციას დაუწესებს. ეთიკის საბჭომ ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევებს განიხილავს და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ინფორმაციას საჯაროს გახდის. თუმცა, საბჭოს სხდომა დახურული იქნება.

სავარაუდოდ, საბჭოს პირველ სხდომაზე გუშინ, პარლამენტში გიგა ბოკერიასა და გია ვოლსკის შორის მომხდარი დაპირისპირება განიხილება. დეპუტატთა ნაწილი ფიქრობს, რომ რა სანქციაც არ უნდა დააწესოს საბჭომ, უზრდელ და კუნთების იმედად მყოფ დეპუტატს ვერაფერი უშველის. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ საბჭოს მიერ დაწესებული სანქცია ერთგვარი, შემაკავებელი მექანიზმი იქნება.

საბჭოს შემადგენლობაში 14 დეპუტატი შედის: შვიდი დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ წევრია, სამი – „ევროპულ საქართველოს“, ერთი – „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი – „პატრიოტთა ალიანსს“, ორი კი, დამოუკიდებელი დეპუტატია.

გინება და პოლიტიკური საქმის გარჩევა გუშინ პარლამენტში გიგა ბოკერიასა და გიორგი ვოლსკის შორის მოხდა. ურთიერთ ბრალდებებისა და შეურაცხყოფის გამო, სხდომა რამდენიმე წუთითაც კი შეწყდა. ამ ყველაფრის მაყურებელმა პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ სხდომათა დარბაზში გინების ამბავს პარლამენტის ეთიკის საბჭო განიხილავს, რომელიც ამ ჩხუბის გამო საგანგებოდ შეიკრიბება.

რაც შეეხება სანქციებს, ეს შეიძლება იყოს ხელფასის ჩამოკლება, დეპუტატის გამოსწორებამდე უცხოეთში მივლინების აკრძალვა ან სხვა მექანიზმი.

მსგავსი თემები