უკრაინის საკითხში საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას ეჭვქვეშ ვერ დავაყენებ – გია ჟორჟოლიანი

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია გაცხადებულია და არავითარი საფუძველი არ აქვს მათი პოზიციის სისწორეში ეჭვი შეიტანოს.

“ეს არ გამიკეთებია არასდროს და არც ახლა გავაკეთებ ამას, რომ ჩავერიო საპატრიარქოს პოზიციაში. საპატრიარქო ამბობს, რომ ის, გარკვეული პროცედურების და პროცესის ფარგლებში გამოხატავს თავის პოზიციას და ამას დააფიქსირებს. საპატრიარქოს პოზიციაში ჩემი ჩარევა არაადეკვატური იქნება, რადგან ეს საჭიროებს იმ ცოდნას, რომელიც მე ნამდვილად არ მაქვს. არ შეიძლება ცალკეულმა ადამიანმა ამაზე ისაუბროს, მაშინ რა საჭიროა მღვდელმთავრები და სინოდი”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მისივე თქმით, ​ამ შემთხვევაში საპატრიარქოს და ეკლესიის პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება საკითხის პოლიტიკურ ნაწილს, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს რუსეთთან დაკავშირებით უკრაინის პოზიციების და საერთაშორისო ასპარეზზეც გამოხატავს ამ მხარდაჭერას.  

“უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას და რუსეთთან დაკავშირებით უკრაინის პოზიციებს მხარს ვუჭერთ. ვიცავთ მის ინტერესებს, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ყველა განცხადებებში. ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია ამ თვალსაზრისით ცნობილია, რაც შეეხება ეკლესიის საკითხს, აქ განმსაზღვრელი უნდა იყოს ჩვენი ეკლესიის პოზიცია”, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.  

აღსანიშნავია, რომ​ გაზაფხულზე გაიმართება სინოდის სხდომა, სადაც ქართველი მღვდელმთავრები უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელებენ.  

მსგავსი თემები