უკრაინის პრეზიდენტმა, იულია სუსლიაკის საქმეზე საქართველოში თავისი წარმომადგენელი გამოგზავნა

უკრაინის სახელმწიფო, საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საქართველოში დელეგაციას აგზავნის. საქმე ეხება არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული 37 წლის იულია სუსლიაკს და მის 10 შვილს. უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელინსკიმ, საქართველოში საკუთარი წარმომადგენელიც კი გამოგზავნა.

პრეზიდენტის წარმომადგენელი, უკრაინის სახელმწიფოს სოციალური მუშაკი, უკრაინელი ექიმ-პედიატრი, ბავშვების ორივე ბებია დედის და მამის მხრიდან, საქართველოში არიან. უკრაინის მხარე იულია სუსლიაკის უდანაშაულობას ამტკიცებს და აღკვეთის ღონისძიებას აპროტესტებს, ასევე ბავშვების უკრაინაში დაბრუნებას ითხოვენ.

აღნიშნულ სკანდალურ თემასთან დაკავშირებით, უკრაინის დელეგაციის წევრები და იულია სუსლიაკის ინტერესების დამცველი, ხვალ 11:30 საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

დელეგაციას ხელმძღვანელობს უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში.

„უკრაინის სახელმწიფოს წარმომადგენლები დაიცვან თავიანთ მოქალაქეებს საქართველოს ხელისუფლების თვითნებობისგან და მოითხოვენ უკრაინის მოქალაქეების დაუყოვნებლივ დაბრუნებას.

ა/წ 5 და 6 ივნისს გაიმართება უკრაინის დელეგაციის შეხვედრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, პროკურატურასა და საქართველოს სხვა სახელმწიფო ორგანოებში, რომლის შედეგები 06.06.2019 წ პრესკონფერენციაზე გაჟღერდება“ – აცნობეს „მედიაცენტრ მთავარს“ უკრაინიდან.

როგორც დაკავებულის ინტერესების დამცველი მხარე აცხადებს, მრავალშვილიანი დედა, იულია სუსლიაკი 04/26/19 წ არასრულწლოვანი ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით უსაფუძლოდ დააკავეს.

„მასთან ერთად იყო 10 მცირეწლოვანი შვილი. ფაქტობრივად, სამართალდამცავებმა დედა და მისი ათი შვილი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დააკავეს. გამოძიების მიერ ჩატარებულმა გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა ყველა ბავშვსა და დედას იულია სუსლაკს შორის ნათესაური კავშირი. ასევე, ექსპერტებმა დაადასტურეს ოჯახის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტის ავთენტურობა. ა/წ 20 ივნისს, გაიმართება სასამართლო სხდომა, მრავალშვილიანი დედისათვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში. თვენახევარზე მეტია, ბავშვები, რომელთაგან შვიდის ასაკი არ აღემატება სამ წელს, იმყოფებიან უცხო პირებთან, მათთვის განსხვავებული ენისა და უცხო კულტურულ გარემოში. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოზარდების დაკითხვის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს გადაწყვეტილება არ არის შესრულებული. საქართველოს მიერ ხელმოწერილი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენციები პრიორიტეტულია ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებაში. რომლის მიხედვით განსაზღვრულია პირობა – უცხოეთში მეურვეობის გარეშე დარჩენილი მცირეწლოვანი მოქალაქის სამშობლოში დაუყოვნებლივ დაბრუნების შესახებ. ამავე დროს, საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, მოზარდი ბავშვების დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს სამშობლოშიც. საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე მიიღო სუსლიაკის ოჯახის საჩივარი და აპირებს ჩაერთოს საქმის მიმდინარეობაში“ – ვკითხულობთ „მედიაცენტრი მთავარისთვის“ მიწოდებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელი ქალბატონი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. შსს-მ სს საქმე 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რომელიც არასრულწლოვნებით ვაჭრობას გულისხმობს და 14-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.








მსგავსი თემები