უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია მისასალმებელია, თუმცა საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა – საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას და განმარტავენ, რომ ეს თავისთავად მისასალმებელი მოვლენა იქნება, მაგრამ, ამისთვის აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რომ  მოსახლეობაში არ გაღვივდეს დაპირისპირება და კიდევ უფრო რთული პროცესები არ განვითარდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავენ, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარის საქართველოს საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ უკრაინულმა სატელევიზიო არხებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რაც მათივე თქმით, რეალობას არ შეესაბამება.

“შეხვედრაზე სტუმარმა განაცხადა, რომ ისინი ესწრაფვიან უკრაინის ერთიანი ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებას, რომელიც როგორც ხელისუფალთა, ისე მიტროპოლიტ ონოფრეს დაქვემდებარებაში მყოფ და ყველა სხვა იერარქთა მოთხოვნაზე და კანონიკურ საფუძველზე უნდა იყოს დამყარებული. თუ ეს განხორციელდა, ბუნებრივია, მისასალმებელი მოვლენა იქნება, მაგრამ, როგორც ჩვენის მხრიდან აღინიშნა, ეს ადვილად მისაღწევი ამ ეტაპისთვის არ ჩანს; ამიტომაც აუცილებელია სიფრთხილე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება მოსახლეობაში და არ განვითარდეს კიდევ უფრო რთული პროცესები.

რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის პოზიციას ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, იგი არის უცვლელი და, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, გულისხმობს შემდეგს: – ვიდრე საეკლესიო კანონიკის ნორმებზე  დამყარებულ თავის საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ დააფიქსირებს, როგორც კონსტანტინეპოლის, ისე მოსკოვის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო შეფასებებისაგან თავს შეიკავებს”, – ნათქვამია განცხადებაში.​

მათივე შეფასებით, როგორც რუსულ, ისე უკრაინულ მედიაში პერიოდულად ჩნდება მიკერძოებული ინფორმაცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს ეკლესიის პოზიციასთან დაკავშირებით და ორივე მხარე ცდილობს, ქართული ეკლესიის ნათქვამი სათავისოდ წარმოაჩინონ.

მსგავსი თემები