უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებით საქართველოს არაფერი დაემუქრება – ნიკა ჩიტაძე

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებით ქართულ სახელმწიფოს, რაიმე საფრთხე არ დაემუქრება. ხოლო შიში, რომ სანაცვლოდ რუსეთი აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს, უსუსური არგუმენტია.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ნიკა ჩიტაძემ განუცხადა, არსებობს მსოფლიო საეკლესიო საბჭო, რომელშიც გაწევრიანებულნი არიან პროტესტანტული და მართლმადიდებლური ეკლესიები. აფხაზეთის ე.წ. ავტოკეფალიურ ეკლესიას არავინ არსად მიიღებს, ის დღესაც გამოსულია ქართული ეკლესიის იურისდიქციიდან.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ხელს არაფერი უშლიდა, რომ მეგობრული ჟესტი გამოეხატა. აშშ-ს ხელისუფლების მსგავსად, გაეკეთებინა ოფიციალური განცხადება და მისალმებოდა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას. 

“როგორც ჩანს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ფრთხილობს. უფრო სწორად, დრო გაჰყავთ. სამწუხაროდ ქართულ ეკლესიაშიც გაყოფილია მოსაზრებები. არიან ისეთები, რომლებიც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას უჭერენ მხარს და პოლიტიკურ განცხადებებსაც კი აკეთებენ. ეკლესია არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში, სახელმწიფო საქმეებში და პირიქით, ხელისუფლება ეკლესიის საქმეებში. საქართველოს კონსტიტუციით საეკლესიო და სამოქალაქო ხელისუფლებები გამიჯნულია”, – აცხადებს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე. 

საპატრიარქოს ზოგიერთი წარმომადგენელის აზრით, საქართველომ აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის ავტოკეფალიას. ამ გადაწყვეტილებას წმინდა სინოდი მიიღებს. სინოდის სხდომას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს და წელიწადში ორჯერ იკრიბება. ბოლო სხდომა სინოდმა 2018 წლის 21 ივნისს გამართა.

შორენა ქარჩავა

მსგავსი თემები