„უკრაინელმა მიტროპოლიტებმა რუსეთისგან ავტოკეფალია უნდა ითხოვონ, უკრაინელები მოატყუეს“ – დეკანოზი „მედიაცენტრ მთავართან“

“მხარს ვუჭერ უკრაინის ავტოკეფალიას. მინდა, რომ უკრაინას ჰყავდეს პატრიარქი, ოღონდ, ეს უნდა მოხდეს კანონების დაცვით”, – ეს განცხადება დეკანოზმა დავით ქვლივიძემ “მედიაცენტრ მთავართან” გააკეთა.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, საჭიროა, უკრაინელმა მიტროპოლიტებმა რუსეთისგან ავტოკეფალია ითხოვონ და დედა ეკლესიამ ამის უფლება მისცეს. “ეთნიკურად უკრაინელებს არ უთხოვიათ რუსეთისთვის და ჩვენ როგორ უნდა დავასწროთ მათ?!”, – აღნიშნა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავართან“.

“უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალია მსოფლიო პატრიარქს არ მიუნიჭებია.  ავტოკეფალია ნიშნავს, რომ მას ჰყავდეს პატრიარქი, დამოუკიდებელი მმართველი, მღვდელმთავარი ან ეპისკოპოსი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას – ეპარქიების გახსნის, მღვდლების კურთხევის თუ შიგნით ატეხილი დავების  შესახებ.  მაგალითად, ისე როგორც, რაც ახლა ჩვენთან ხდება, ვწყვეტთ  ჩვენ და ჩვენი  ეკლესიის საქმეში ვერავინ ჩაერევა“ – განუცხადა დეკანოზმა დავითმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე შეფასებით,  ფაქტობრივად, უკრაინელები მოატყუეს: „ახლა რომ საუბრობენ  უკრაინის ავტოკეფალიაზე, ჯერ ეს ერთი, ვისაც მისცეს ავტოკეფალია, ეს ავტოკეფალია არ არის,  რადგან ამ წარმონაქმნს, მე სხვას ვერ დავუძახებ, ეს ეკლესია არ არის, არ აქვს უფლება ეპისკოპოსებისა და მღვდლების კურთხევის, მღვდლების შიდა დავის გარჩევის, მირონის მოხარშვის. კონსტანტინოპოლმა ანუ სტამბოლმა უნდა გაურჩიოს, შიგნით რა დავებიც ხდება. თუკი რომელიმე ტაძარი იქნება უკრაინის ტერიტორიის გარეთ, უნდა დაემორჩილოს კონსტანტინოპოლს. ფაქტობრივად, მოატყუეს უკრაინელები. უკრაინელებმა უნდა სთხოვონ  რუსეთის პატრიარქს. მან უნდა მისცეს უფლება. ეს უნდა ამცნოს ყველა ადგილობრივ ეკლესიას, რომ აღიარონ და ბოლოს, კონსტანტინოპოლის პატრიარქი აძლევს დასკვნას, რომ ეს ასეა”, – განაცხადა დეკანოზმა დავითმა “მედიაცენტრ მთავართან”.

მსგავსი თემები