უკრაინელი მებრძოლების ჩამოსვლა დაანონსებულ რევოლუციას უკავშირდება – კობა ნარჩემაშვილი   

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი, თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაწყებულ აქციებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეჭვის საფუძველს ბოლო ხანებში გავრცელებული ის ფარული ჩანაწერები აძლევს, სადაც ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების რევოლუციით დამხობაზე საუბრობს.

“თქვენ გახსოვთ ჩანაწერები, რომლის გამოქვეყნებაც “ნაციონალური მოძრაობის” დროს დაიწყო, როცა ჩვენ, პრაქტიკულად ყოველ მეორე დღეს, ახალ-ახალ ჩანაწერებს ვხედავდით. თქვენ გახსოვთ ჩანაწერი როცა, ყოფილი პრეზიდენტი მის ბიძას ესაუბრება. არის ჩანაწერი, სადაც სააკაშვილი ამბობს – „დავამხოთ!გადავავადოთ!“. ამ კონტექსტს თუ გავიაზრებთ, არ გამოვრიცხავ და ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ გარკვეული კავშირი ამ ყველაფერში არსებობდეს. რამდენიმე შეიარაღებული უკრაინელი მებრძოლის ჩამოსვლა ქართველ მებრძოლთან ერთად, რომელსაც აქვს იარაღი, თან მაინცადამაინც 27 ნოემბერს, შესაძლოა იყოს კავშირში. თუმცა გამოძიების ამ ეტაპზე რაიმეს თქმა არ შემიძლია,“- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ  ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შსს-ს მიერ, თბილისში, 2 დეკემბერს, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. უკრაინელი მებრძოლები  ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსიდან” აიყვანეს.

მსგავსი თემები