„უკრაინა მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენმა საკითხმა უკან გადაიწიოს“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინის საკითხი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი უნდა ყოს, თუმცა, ისე არ უნდა მოხდეს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ჩრდილში აღმოჩნდეს.

„ჩვენი ინტერესი და მიმართულება უნდა იყოს ის, რომ, უკრაინის გამო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და აქაური კონფლიქტის საკითხმა მეორე ადგილზე არ უნდა გადაიწიოს. ამიტომ ვსაუბრობ ამდენს ჟენევაზე. ამის ტენდენცია არსებობდა და ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს და სხვებსაც, რომ უკრაინა არის ძალიან სერიოზული საკითხი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა საკითხმა გადაიწიოს უკანა პლანზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შავი ზღვა საქართველო-ამერიკის მეტად დამაკავშირებელი უნდა გახდეს.

„მიმაჩნია, რომ შავი ზღვა ამერიკის სტრატეგიულ ხედვაში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ შავი ზღვის აქეთა სანაპიროზე ვართ, მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, ნატოს პარტნიორები რუმინეთი და ბულგარეთი არიან. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ შავი ზღვა ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უფრო მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი გახდეს. სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად ეს ერთ-ერთი გზაა. ვფიქრობ, საქართველო საკმაოდ ბევრს აკეთებს და ის აღიარებული სანდო პარტნიორია.​ უნდა გავზარდოთ სამხედრო თანამშრომლობა, რადგან ეს საკმარისი არასდროს არის“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში.

მსგავსი თემები