უკრაინა ეკლესიის დამოუკიდებლობის ისტორიულ დოკუმენტს დღეს მიიღებს

უკრაინა ისტორიული დოკუმენტის მოლოდინშია. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ხელმოწერილ დოკუმენტს ეკლესიის წინამძღოლი დღეს ოფიციალურად მიიღებს.

მიტროპოლიტ ეპიფანეს ავტოკეფალიის ტომოსს თავად მსოფლიო პატრიარქი გადასცემს. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია დამოუკიდებელია. ამ ისტორიული მოვლენის ღონისძიება კი სტამბულში გაიმართა. დოკუმენტს მსოფლიო პატრიარქმა ხელი უკვე მოაწერა. მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ეკლესიის სახელწოდების შეცვლას ითვალისწინებს. უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის დამადასტურებელი სიგელის ხელმოწერის ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა.

დოკუმენტის ტექსტს უკრაინის მოსახლეობას 7 იანვარს, კიევის წმინდა სოფიას ტაძარში გააცნობენ. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს მიმართა და მოუწოდა, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირონ.

ამ თემაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, თუ ადრე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვს ექვემდებარებოდა და მის მიმართ ლოიალობით გამოირჩეოდა, დღეიდან ის სრულიად დამოუკიდებელია. თუმცა, მიღებულ შედეგს წინ საკმაოდ დიდი დაპირისპირება უძღოდა. მოსკოვის ეკლესიამ ჯერ პატრიარქ ბართლომეს ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა. კრემლში აცხადებდნენ, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერით მსოფლიო საპატრიარქო მოსკოვის კანონიკურ საზღვრები დაარღვია. 15 ოქტომბერს კი რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.

მსგავსი თემები