უკრაინაში, ქუვეითსა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს

უკრაინაში, ქუვეითის სახელმწიფოსა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თეიმურაზ შარაშენიძე, ქუვეითში – კონსტანტინე ჟღენტი,  ხოლო ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა.

როგორც საგარეოუ უწყებიდან “მედიაცენტრ მთავარს” აცნობეს, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, 1996 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში.

“2011-2018 წლებში გახლდათ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი. მანამდე 2004-2008 წლებში გახლდათ ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკასა და ბულგარეთში საქართველოს გენერალური კონსულად,”- აცნობეს უწყებიდან “მედიაცენტრ მთავარს”

ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ჟღენტი, 2013-2018 წლებში, გახლდათ უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 

“კონსტანტინე ჟღენტი, მუშაობდა  სხვადასხვა  დიპლომატიურ თანამდებობებზე. სხვადასხვა დროს იგი გახლდათ  საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის, ასევე ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი,   2004-2005 წლებში კი ეკავა ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა.  1997-2000 წლებში იგი გახლდათ იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი,  ხოლო 2006-2008 წლებში – ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ეუთო-სა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი,”- აცხადებენ უწყებაში

წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილს, ვატიკანში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა 2004-2014 წლებშიც. 2009 წელს მას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

მსგავსი თემები