უკიდურეს სიღარიბეში 800 000 ადამიანი ცხოვრობს, ამ ციფრის შემცირებას წლები დასჭირდება – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიისთვის 2020 წლის არჩევნებზე, უმთავრესი ამოცანა სწრაფი ეკონომიკური განვითარება და შესაბამისად, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ქვეყანაში უმთავრესია ეკონომიკური და სოციალური პრობლემები.   

„სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია. ეს მაჩვენებელი ჩვენ ძალიან მაღალი დაგვხვდა. იყო 1 150 000 ადამიანი, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა და ახლა არის 800 000. ანუ, ამ ექვსი წლის განმავლობაში მაჩვენებელი მხოლოდ 350 000 ადამიანით შემცირდა. ამ მაჩვენებლის შემცირებას და ნულამდე დაყვანას სამწუხაროდ, კიდევ არა ერთი წელიწადი დასჭირდება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ მმართველ გუნდს პოლიტიკის მუდმივად გადააზრება სჭირდება, რადგან ხელისუფლება მუდმივად ეფექტიანი და მოქნილი უნდა იყოს, ამაში კი, წვლილი, რა თქმა უნდა, პარლამენტმაც უნდა შეიტანოს.

“პრაქტიკულად, ვიწყებთ საპარლამენტო წელიწადს და ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გავიაზროთ ხარვეზები, რაც პოლიტიკის თითოეული მიმართულებით არის. ვიმუშავებთ მთავრობასთან ერთად, რათა გავაუმჯობესოთ პოლიტიკა და შესაბამისად, ეს ადამიანების ცხოვრებაზე აისახოს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანო მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლებს.

“გვექნება აქტიური თანამშრომლობა მთავრობასთან და ამ თანამშრომლობის საფუძველზე უნდა გამოიკვეთოს არა მარტო ახალი მიმართულებები პოლიტიკაში, არამედ კონკრეტული პროგრამები და პროექტები, რომლებიც საზოგადოებისთვის ხელშესახები იქნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები