“უგულავა რომ რიხიანად საუბრობს ადამიანის უფლებებზე, ერთი ჰკითხეთ, რისთვის არის გასამართლებული”

“გიგი უგულავა რომ რიხიანად საუბრობს ადამიანის უფლებებზე, აზრის გამოხატვის უფლებებზე და საზოგადოებას მოევლინა, როგორც ჭეშმარიტი დემოკრატი, ერთი ჰკითხეთ, რისთვის არის გასამართლებული”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავა ამბობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე გამოძიების ფარგლებში ხელისუფლება საქმის „შეკერვას“ ცდილობს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, გიგი უგულავა გასამართლებული იყო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისთვის. მისივე განცხადებით, უგულავას არ აქვს უფლება ისაუბროს მორალურ საკითხებზე მანამ, სანამ ყოველ ჯერზე წარსულის გამო მოსახლეობას ბოდიშს არ მოუხდის.

„ადამიანი, რომელიც გასამართლებული იყო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისთვის იმდენად შეიცვალა და ტრანსფორმირდა თურმე, რომ დღეს გამოხატვის თავისუფლებაზე, საზოგადოების ინტერესების დაცვაზე საუბრობს? მე ასეთი ადამიანების არ მჯერა. ამიტომ შეახსენეთ ხოლმე სტუდიაში, გაიხსენოს წარსული და შესაბამისად, მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ყველა იმ საკითხზე, რაც მაშინ ხდებოდა. ელემენტარული გამოვიდეს და ჩვენ საზოგადოებას მოუხადოს ყოველ ჯერზე ბოდიში. თუ ნამდვილად მოინანია ამ ადამიანმა თავისი ქმედებები, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი, მერე ვისაუბროთ მის პოლიტიკურ და მორალურ უფლებაზე ისაუბროს კონკრეტულ საკითხებზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები