„უგულავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ოდირის დასკვნამ გაამყარა“ –  ბექა ნაცვლიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებამ, ხელისუფლებას მეტ-ნაკლებად გზა გაუხსნა, გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო.  როგორც ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უგულავას დაკავება მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლის საბაბი აღმოჩნდა.

„გიგი უგულავას დაპატიმრება, ამ შემთხვევაში, ცხადი იყო, რომ აღმოჩნდებოდა საბაბი იმისა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე ოპოზიციური ძალები გავიდოდნენ მოლაპარაკებების პროცესიდან. ეს, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს არამხოლოდ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არანაკლებ ხელს აძლევს „ნაციონალურ მოძრაობასაც“. ორივეს მიზანია, პოლარიზაცია, რომ პოლიტიკურ ველზე არსებობდეს მხოლოდ ორი მოთამაშე – აქეთ იყოს „ქართული ოცნება“, იქით „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები და ორივემ თავის მიზანს მიაღწიოს“ – განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

დეპუტატმა აღნიშნა, რომ თავად ოპოზიციაშიც, შეთანხმების სურვილი ვერ დაინახა და აშკარა იყო, რომ დაწყებული პროცესი განწირული იყო.

„ვერ დავინახე შეთანხმების სურვილი. ისეთი პოლიტიკური ძალები მონაწილეობდნენ პროცესში, რომ მათ პოლიტიკური შეთანხმების სურვილი ვერ და არ ექნებოდათ. ეს პოლიტიკური პროცესი, თავიდანვე ჩანდა, რომ განწირული იყო. ოდირის დასკვნამ კიდევ უფრო გაამყარა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რადგან მის დასკვნაში ეწერა, რომ არჩევნებამდე ერთ წლით ადრე მიზანშეწონილი არ არის საარჩევნო სისტემის ცვლილება. „ქართული ოცნება“ პირდაპირ ვერ ეტყოდა, რომ წყვეტს მოლაპარაკებების პროცესს, მაგრამ უგულავას დაპატიმრების საფუძველზე, მას საბაბი გაუჩნდა, რომ კიდევ აგრძელებენ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობას, მაგრამ ოპოზიცია ამაზე უკვე უარს ამბობს. ოდირის დასკვნამ, უგულავას დაკავების პროცესში თავისი როლი ითამაშა“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები