უბნის ინსპექტორის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება

 

10 ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებისათვის, ე.წ. უბნის ინსპექტორის პოზიციაზე ღია კონკურსი გამოცხადდება და მათ ვაკანტური ადგილების დასაკავებლად მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უბნის ინსპექტორები ახალი სახელითა და ახალი ფუნქციებით დაიწყებენ საქმიანობას.

„სისტემაში ცალკე ჩამოყალიბდება საგამოძიებო კომპონენტი და რაც ყველაზე მთავარია და რისი დიდი იმედიც გვაქვს,  არის უბნის ინსპექტორი, რომელიც უახლოეს პერიოდში ახალი სახელით და ახალი ფუნქციებით იქნება – ის იქნება უბნის ოფიცერი. უკვე შექმნილია მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმა. თბილისის მასშტაბით ჩვენ ასეთი პოზიციის 365 ადამიანი გვჭირდება. დაწყებულია 80 ადამიანის მომზადება. 10 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის ღია კონკურსი გამოცხადდება და მათ ვაკანტური ადგილების დასაკავებლად მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. უბნის ინსპექტორი არის კრიმინალური პოლიციის ის ძირითადი კომპონენტი, რომლის საფუძველზეც ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო მომსახურება და საპოლიციო სერვისები უნდა შეიქმნას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები