“უახლოეს დღეებში შესაძლოა, სოფელ პერევთან არსებული ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიც დაიკეტოს” – DRI

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საოკუპაციო ძალებმა  შესაძლოა სოფელ პერევთან (სინაგურთან) არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ. ორგანიზაციის ცნობით, რუსმა სამხედროებმა პერევის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ ახალგორში რამდენიმე ადგილობრივი უკვე გააფრთხილეს.  

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა გადაადგილება იმ ერთადერთ გზაზეც აუკრძალონ, რომლის გავლითაც ახალგორიდან ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაა შესაძლებელი. უცნობია, რას უკავშირდება ეს სიახლე, თუმცა ორგანიზაციის ინფორმაციით, ბევრმა ადამიანმა ახალგორის დროებით დატოვება გადაიფიქრა, იმის შიშით, რომ  ერთადერთი გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, სახლებში ვეღარ დაბრუნდებიან.

“ახალგორის იზოლაციის დაწყებიდან დღემდე, ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის ერთადერთ შვებას სოფელ პერევთან (სინაგურთან) არსებული  საკონტროლ-გამშვები პუნქტი წარმოადგენდა. გზის ჩაკეტვის შემდეგ, პერევის (სინაგურის) გამშვები პუნქტით გადმოსვლა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელებისთვის შეძლეს. ასევე გადმოვიდნენ პაციენტები. აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლეს ადამიანებმა, რომელთაც ახლობლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ახალგორიდან სინაგურამდე გზა არც ისე უსაფრთხოა და ფინანსური თვალსაზრისით, ყველასთვის ხელმისაწვდომიც არაა – მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ გამშვები პუნქტის კვეთის შესაძლებლობა.

სწორედ ამიტომ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნულ გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით  მიიღო.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ თვლის, რომ პერევის (სინაგურის) გამშვები პუნქტის ჩაკეტვა, მკვეთრად გააუარესებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ისედაც უკიდურესად რთულ მდგომარეობას. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, საერთაშორისო-სამშვიდობო მიმართულებით არსებული ფორმატების ჩათვლით, და უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვა”, – ვკითხულობთ “დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის” განცხადებაში.

მსგავსი თემები