უავტორიტეტო ადამიანები არიან ადგილობრივი ხელისუფლებების სათავეში – გოგა ხაინდრავა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავას აზრით, სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნებას” რეგიონებში კატასტროფულად ცუდი მდგომარეობა აქვს, ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში  უავტორიტეტო ადამიანები არიან.

​როგორც გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ქართულმა ოცნებამ” ვერ გააცნობიერა ადგილობრივი თვითმმართველობის სიკეთე და ძალა, რაც არის ძირითადი წინაპირობა ევროპული ქვეყნების განვითარებისთვის. აქ სრულებით უპასუხისმგებლო მიდგომა არსებობს და ფავორიტიზმი იყო გამეფებული, ამაზე მეტყველებდა არჩევნების პირველი ტურის შედეგებიც,

” სახალხო მოძრაობამ “მე ვიცავ თავისუფლებას” ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონი მოიარა. შედეგად დავინახეთ, რომ რეგიონებში კატასტროფული მდგომარეობაა, უავტორიტეტო ადამიანები არიან ადგილობრივი ხელისუფლებების სათავეში. ადამიანების უმრავლესობამ, ვისაც ჩვენ ვხვდებოდით, არც კი იცოდნენ ვინ იყო პარლამენტში მათი წარმომადგენელი. თვითორგანიზება, რის მომსწრენიც ჩვენ ვიყავით, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ თვითმმართველობის ის პროექტი, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ განახორციელა, კრიტიკას ვერ უძლებს. პირველ რიგში საჭიროა ამ რგოლების სრული რეორგანიზაცია. ამის გარეშე სირთულეები გაგრძელდება და პარტია “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებამდე ვერ მიაღწევს”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

მისივე თქმით, არავის აქვს იმის ილუზია, რომ 1 და 5 წელიწადში საქართველოში რადიკალურად შეიცვლება ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია სახელისუფლებო შტოების გონზე მოყვანა.

“პოლიტიკაში აღარასადროს მოვიაზრებ თავს, როცა ვიყავი ხელისუფლებაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხის მსახურებაში ვყოფილიყავი. სამოქალაქო მოძრაობა რომელიც წამოვიწყეთ, გრძელდება და მაქსიმალური მასშტაბს შევძენთ ამ მოძრაობას. მესამე ძალის დანიშვნა შეუძლებელია ის უნდა დაიბადოს სამოქალაქო საზოგადოებიდან”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მსგავსი თემები