ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება, არიან დაკარგულები

აშშ-ში უკვე მეექვსე დღეა ხანძარი მძვინვარებს. კალიფორნიის შტატში ხანძრის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. განადგურდა ტყის მასის 45 ათასი ჰექტარი, – ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება.

როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ყველაზე მეტი დაღუპული ქალაქ პარადაისშია, შტატის ჩრდილოეთით, სადაც სტიქიამ 29 ადამიანი იმსხვერპლა.

“აღმოჩენილია კიდევ ექვსი ადამიანის გვამი”, – იტყობინება ადგილობრივი შერიფი.
​ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

სტიქიასთან ბრძოლაში დაახლოებით 4 ათასი მეხანძრე, ვერტმფრენები და თვითმფრინავებია ჩართული. ხანძარმა მარტო ქალაქ პარადაისში 6 400 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

ტყის ხანძრის გამო კალიფორნიაში მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია. ხანძარი 8 ნოემბერს, დილით ადრე დაიწყო. ალი სწრაფად გავრცელდა ძლიერი ქარისა და მშრალი ამინდების გამო. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის მიზეზი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი 1933 წელს იყო, რასაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა.

 

 

მსგავსი თემები