ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები 

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დღეს, გამთენიისას უბედური შემთხვევა მოხდა. აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავებულია 6 ადამიანი. დაშავებულები ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ტყიბულში უკვე გაემგზავრნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორთა ჯგუფის წევრები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მინდელის შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქებას შედეგად კედლებმა დეფორმაცია და ჭერის ჩამონგრევა მოჰყვა.

მათივე ინფორმაციით, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა – 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს – 1981 წელს დაბადებული მ.ს, 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და1988 წელს დაბადებული გ.ა.

“შეტყობინება “112”-ში დღეს, 16 ივლისს, გამთენიისას შევიდა, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ,” – აცხადებენ შსს-ში.

მათივე თქმით, საქმე საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები