ტყვიის ძირითადი წყარო შესაძლოა იყოს საწვავი და საღებავი – ლელა სტურუა

სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, საქართველოს მასშტაბით, 2-დან 7 წლამდე ბავშვებს იკვლევს. შემთხვევითი შერჩევის გზით, ცენტრის სპეციალისტები 15 000-მდე ბავშვს გამოიკვლევენ. შევლენ 14 000 შინა მეურნეობაში და ბავშვებს ვენიდან სისხლს აუღებენ, რომელიც გაიგზავნება იტალიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში. იტალიის მხარე  საქართველოს სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება კვლევის ჩატარებაში.  პასუხები კი 3 თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.

​იმ ბავშვებს, ვისაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდებათ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მათ მშობლებს გაუწევს რეკომენდაციას, მკურნალობა იაშვილის სახელობის კლინიკაში განაგრძონ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ დღეს განაცხადა, ტყვიის ძირითადი წყარო შესაძლოა იყოს საწვავი და საღებავი, კოსმეტიკური საშუალებები, სათამაშოები, ნებისმიერი ზედაპირი – ჭიქა, თეფში, რაც შეღებილია.  მაღალია ტყვიის მაჩვენებელი სამშენებლო მასალებშიც.

“ჩვენი წარმომადგენლები ყველა იმ ოჯახში მივლენ, სადაც მოხდა სისხლის აღება და უკვე სავარაუდო მიზეზების გამოსავლენად, ყველა ამ ოჯახში შეივსება სტანდარტული კითხვარი. ადამიანებს ინდივიდუალურად ექნებათ ინფორმაცია, თუ მის შვილს რა რაოდენობით ტყვია აქვს სისხლში, ჩვენ მათ მივცემთ რეკომენდაციას და მოვახდენთ მათ რეფერირებას იაშვილის კლინიკაში, სადაც მუშაობს მაღალ პროფესიონალთა ე.წ ტყვიის ჯგუფი. ​ტყვია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაა მთელს მსოფლიოში”, – აცხადებს ლელა სტურუა.

მისივე ინფორმაციით, ​ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, სისხლში ტყვია საერთოდ არ უნდა იყოს, მაგრამ ფაქტობრივად არ არსებობს ქვეყანა, სადაც ტყვია 0 იქნებოდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცით ნორმად 5 მიკროგრამი/დეცილიტრზე მიიჩნევა.

მისივე თქმით, 2015 წელს, ტყვიის შემცველობაზე იაშვილის კლინიკის 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები გამოიკვლიეს, რომელთა 30%-ს სისხლში ტყვიის 5 მიკროგრამი/დეცილიტრი და მეტი შემცველობა აღმოაჩნდათ. 2017 წელსაც, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაიმეორე კვლევა იგივე სცენარით. 2 წლის წინ გამოკვლეული ბავშვების უმეტესობას დაქვეითებული ჰქონდათ ტყვიის შემცველობა, თუმცა ზოგში პირიქით მომატებული იყო.

“ამ ტიპის კვლევებით ვერ ვგებულობთ რა ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა იუნისეფს, რომელიც ატარებს მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას და ვთხოვეთ დაემატებინათ ტყვიის კომპონენტი. დიდი იმედი მაქვს, რომ კვლევა კარგად ჩაივლის, სხვა ქვეყნებიც მოგვბაძავენ და დაამატებენ ტყვიის მოდულს. ვისაც აქვს საშუალება იკეთებენ ამ ანალიზს. მიკროგრამი/დეცილიტრზე არის ის მაჩვენებელი, რასაც იყენებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ვიყენებთ ჩვენ, თუმცა, სხვადასხვა ორგანიზაციები სხვადასხვა ერთეულს იყენებენ”, – აცხადებს ლელა სტურუა.

მსგავსი თემები