ტყვიაზე კვლევა მხოლოდ საქართველოში ტარდება, რადგან მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია

გაერო-ს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის სპეციალისტის თინათინ ბაუმის განცხადებით, თითოეულ ოჯახს, რომელმაც კვლევაში მონაწილეობა მიიღო, მათი პირადი შედეგები გაეგზავნებათ, იქიდან გამომდინარე რა მაჩვენებელი ექნებათ.

როგორც თინათინ ბაუმმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, თუ ბავშვის სისხლში აღმოაჩნდება დიდი რაოდენობით ტყვია, ბავშვი, შესაბამისი კონსულტაციისათვის, სხვადასხვა კლინიკაში გადამისამართდება.

მისივე ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა ტყვიით მოწამვლის წყაროების დასადგენად.

“ტყვიაზე კვლევა მხოლოდ საქართველოში ტარდება, რადგანაც მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. გარდა იმისა, რომ ამ კვლევის ფარგლებში ინდივიდუალურ შედეგებს მივიღებთ, მნიშვნელოვანია, რომ ამ შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის დაგეგმვა თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯი. ეს კვლევა მხოლოდ საქართველოსთვის იქნა დაშვებული, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და შესაბამისი უწყებების მოთხოვნით“, – განაცხადა თინათინ ბაუმმა.

მისივე თქმით, ტყვიის მომატების მიზეზი სისხლში შეიძლება იყოს ჰაერი, ნიადაგი, წყალი, საღებავი, საკვები, სათამაშო და ა.შ, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რა არის ტყვიით მოწამვლის წყარო, ამ ეტაპისთვის არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, ქვეყნის მასშტაბით, 2-დან 8 წლამდე 1500 ბავშვს ვენიდან აუღებენ სისხლს. ნიმუშები გამოსაკვლევად იტალიის ჯანდაცვის ორგანიზაციაში გაიგზავნება.

მსგავსი თემები