ტურისტული სეზონი გუდაურში განსაკუთრებით აქტიურია – შალვა კერესელიძე 

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული გუდაურს ესტუმრა და ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო. შალვა კერესელიძე, პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმ უწყების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა სათხილამურო სეზონი წარმატებით წარიმართოს.

შალვა კერესელიძის თქმით, ინტენსიურად იწმინდება გზები, კურორტზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები. ტურისტული სეზონი გუდაურში მიმდინარე წელს დამსვენებელთა რაოდენობის მხრივ განსაკუთრებით აქტიურია.

„გუდაურს, წინა წლებთან შედარებით, დამსვენებლების გაზრდილი ნაკადი სტუმრობს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ განახლებული ინფრასტრუქტურით და გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლონ. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად, ზამთრის სეზონის მიმდინარეობას მუდმივ მონიტორინგს გაუწევს“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

მხარის რწმუნებულმა მიმდინარე თემების შესახებ მოისმინა და შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, გამოკვეთილი საჭიროებების გადაჭრის გზებზე იმსჯელა. ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად შექმნილი საცობები დასახელდა, რაც, სადისტრიბუციო მანქანების განსაზღვრულ საათებში მოძრაობით და პარკირების სივრცის გაფართოებით აღმოიფხვრება.

​საკოორდინაციო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და სეზონის მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების მიხედვით დაიგეგმება.

 

მსგავსი თემები