“ტურისტებისთვის ისეთი წესები იქნება, პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან” – პაატა იმნაძე

„ისეთი წესები იქნება იმ ტურისტებისთვის, რომ პრაქტიკულად კარანტინში ჩამოდიან“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ კითხვაზე – ხომ არ შეუწყობს ტურიზმი ეპიდემილოგიური ვითარების დამძიმებას და როგორ აპირებენ მის გაკონტროლებას, საპასუხოდ განაცხადა.

საკითხზე ვრცლად ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ რისკი არსებობს, თუმცა კორონავირუსი დიდხანს არ გაქრება და ამიტომ კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების პრინციპები უნდა ჩამოაყალიბონ.

„დიახ, რა თქმა უნდა, რისკი იქნება, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ დღეს მთელ მსოფლიოში ხდება, მიუხედავად იმისა, რომ სხვადახვა ქვეყანაში დაინფიცირებულების ჩვენზე გაცილებით მეტი რიცხვებია. ყველა ქვეყანა თანდათან ამსუბუქებს სიტუაციას, რადგან ყველა მიხვდა იმას, რომ კორონავირუსი ერთ დღეში არ გაქრება, არც ერთ თვეში და შეიძლება, არც ერთ წელიწადში. ამიტომ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრინციპები კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრების. ეს თანაცხოვრება უნდა იყოს წესების დაცვა პირველ რიგში და უნდა გვქონდეს სწრაფად რეაგირების გეგმები და საშუალებები, თუ ასეთი მიკროეპიდაფეთქებები იქნა, რათა თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიები და მოსახლეობის დაზიანება. ანუ, ეს უნდა იყოს სწორი ბალანსი. ერთი მხრივ შეიძლება, გვქონდეს გარკვეული რაოდენობა ინფიცირების ახალი შემთხვევებისა და მეორე მხრივ, ის შესაბამისი ჯანდაცვითი და პრევენციული ღონისძიებებით უნდა იყოს დაბალანსებული“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები