ტოჩინოშინი, სასულიერო პირები, სპორტული საზოგადოება – ვინ იყვნენ რამაზ დევაძის შეწყალების რეკომენდატორები?!

მსოფლიო ჩემპიონს, მოჭიდავე რამაზ დევაძის შეწყალების  რეკომენდატორები საკმაოდ ცნობილი, ცნობადი და პატივსაცემი ადამიანები, ორგანიზაციები თუ უწყებები იყვნენ. ჩამონათვალში ფიგურირებენ  სასულიერო პირები, რომლებიც  როგორც მოჭიდავეს იცნობდნენ, ისე, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში მომხდარი ინცინდენტის საქმეს გაეცნენ, რომელიც თარაშ მუკბანიანის სიკვდილითა და მოჭიდავის ციხეში მოხვედრით დასრულდა.     

როგორც რამაზ დევაძის ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, რამაზ დევაძის რეკომენდატორებმა რეკომენდაციის წერილი მას შემდეგ გასცეს, რაც დარწმუნდნენ, რომ ეს იყოს შემთხვევითობა და არა განზრახ მკვლელობა.

„რამაზ დევაძეს ბევრი რეკომენდატორი ჰყავდა, მათ შორის, სპორტული ფედერაციები, კრივის ფედერაცია, აჭარის ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია, ცნობილი და საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანები, თითქმის ყველა მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი. რომლებიც დარწმუნდნენ რომ მას განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია, მათ შორის ტოჩინოშინიც კი იყო რეკომენდატორი. ამ ადამიანებმა, პრეზიდენტს მიმართეს, შეეწყალებინათ რამაზ დევაძე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესულ დოკუმენტებში ასევე იყო  მოძღვრის, სასულიერო პირების რეკომენდაციები და დადებითი დახასიათებები, რომლებიც მას პენიტენციურ სისტემაში ხშირად ნახულობდნენ.  ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობდით, რომ ის იმსახურებდა შეწყალებას,“ – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“.

კითხვაზე, შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტს ადმინისტრაციაში ჰქონდათ თუ არა კონკრეტულ პირებთან კონსულტაციები, ადვოკატი აცხადებს რომ  კონსულტაცია და შეხვედრები არავისთან ჰქონიათ.

„გამორცხულია, პრეზდენტის გადაწყვეტილებაში ვინმე ჩარეულიყო. მეტსაც გეტყვით, თავად გარდაცვლილის მეუღლე, რომელიც დაზარალებულადაა ცნობილი, მასალების გაცნობის შემდეგ, თანახმა იყო, მისი შეწყალება მომხდარიყო. როდესაც ქვეყანაში მართლმსაჯულების სერიოზული პრობლემაა და სერიოზულ და რეზონანსულ საქმეებზე მართლმსაჯულება არ ხორციელდება, ასეთ პირობებში, ასეთი სასამართლოს პირობებში, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ უსამართლოდ ისჯებიან ადამიანები“ – აცხადებს ირაკლი გაბრიჭიძე.

ადვოკატის ინფორმაციით, უსამართლოდ გასამართლებული ადამიანების ერთადერთი საშუალება სწორედ პრეზიდენტის შეწყალებაა: „მიუხედავად მტკიცებულებებისა, სასამართლო თვითნებურ გადაწყვეტილებებს იღებს და ძალიან შორს არის სამართლიანი სასამართლოსგან. სამართლიანობის აღდგენის ერთადერთი საშუალება, ასეთ სიტუაციაში სწორედ  პრეზიდენტის შეწყალებაა.  რამაზ დევაძის საქმემ  ყველა ინსტანცია გაიარა, ჩვენი არგუმენტაცია არ იქნა გაზიარებული და ერთადერთი საშუალება სამართლიანობის აღსადგენად იყო პრეზიდენტის შეწყალება. რამაზ დევაძე ისე წარმოაჩინეს, თითქოს კრიმინალური სამყაროს წევრია. სინამდვილეში არანაირი შემხებლობა არ ჰქონია კრიმინალებთან. არის ქრისტიანი, მაზიარებელი, აღმსარებელი ადამიანი. მასთან შედიოდნენ მოძღვრები. თვით დაზარალებულიც კი დარწმუნდა თუ რა მოხდა იქ და თავისი პოზიცია დაიჭირა“ – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“.

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, რამაზ დევაძის შეწყალების საკითხი პრეზიდენტ მარგველაშვილის დროს, შეწყალების კომისიამაც განიხილა და დადებითი რეკომენდაცია გასცა, თუმცა, მაშინ, მისი შეწყალება ვერ მოესწრო.



მსგავსი თემები