ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსზე უნებართვო ქმედება გამოვლინდა

ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე უნებართვო ქმედება გამოვლინდა. კერძოდ, საზოგადოების რიგითი წევრების მიერ მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა, რომელიც ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სამოქალაქო პირების შეტყობინების საფუძველზე სოფ. ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე მორიგი უნებართვო ქმედება გამოვლინდა. საზოგადოების რიგითი წევრების მიერ მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა, რომელიც ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული. მოწოდებული ფოტომასალაზე სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარესთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ქმედების შესახებ არც ადგილობრივ ეპარქიასა და არც საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია.

„უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოების შედეგების სამართლებრივი შეფასებისა და აღკვეთის უზრუნველსაყოფად სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი სოფელ ტიმოთესუბანში 20 აგვისტოს გაემგზავრება. მონიტორინგის ვიზიტის მსვლელობაში სხვა სასულიერო პირებთან ერთად ჩაერთვება ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავარი, რომლის განმარტებით აღნიშნული ქმედების შესახებ არც ეპარქიას და არც საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია. სამუშაო ჯგუფის სპეციალისტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების ზეგავლენის ხარისხს შეისწავლიან და ადგილობრივ სასულიერო პირებს მის დემონტაჟს მოსთხოვენ.

ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები