ტექინსპექტირების გავლამდე მძღოლები გარკვეულ მანიპულაციას მიმართავენ

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” დირექტორის, ვაჟა იორდანიშვილის აზრით, იმისათვის, რომ არ მოხდეს ტექდათვალიერების დისკრედიტაცია საჭიროა გამკაცრდეს, როგორც ბენზინის და დიზელისძრავიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში დასაშვები პარამეტრები და დღეს არსებული დასაშვები კოეფიციენტი – 3 მოლი, შემცირდეს 2,5 -მოლზე.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა, ინსპექტირება არის ერთჯერადი პროცედურა და ავტოსატრანსპორტო საშუალება მას წელიწადში ერთხელ გადის, ხოლო მგზავრთა გადაყვანის შემთხვევაში წელიწადში 2-ჯერ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ავტომობილს გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, მაგრამ მაინც ბოლავს. ასეთებია ძირითადად დიზელზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებები. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ტექნიკური ინსპექტირების გავლამდე მძღოლებს საკუთარი ავტომობილები მწყობრში მოჰყავთ, ასხამენ უკეთესი ხარისხის საწვავს, უცვლიან საცხებ-საპოხ მასალებს, ფილტრებს და საწვავის სისტემაში გარკვეულ პანიპუაციებს მიმართავენ, მათ შორის, საწვავში ურევენ ქიმიურ მინარევებს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ კონკრეტული ინსპექტირების დროს მიიღონ დაბალი მაჩვენებელი.

​ტექინსპექტირების ცენტრების კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანა არ იქნება სწორი. ჩვენ უნდა ვეძებოთ მიზეზი იმისა, თუ როგორ შეიძლება ავტომობილი ბოლავდეს, მაგრამ გავლილი ჰქონდეს ინსპექტირება. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს – საწვავის ხარისხი, განსაკუთრებით დიზელზე მომუშავე ავტომობიულებში. დღეს მოქმედებს “ევრო-3”-ის რეგულაცია, ოქტომბრიდან შემოდის მისი აკრძალვა და “ევრო -4”-ზე გადავდივართ. თუმცა დღესაც ხელმისაწვდომია “ევრო 3”-ზე დაბალი ხარისხის საწვავი. ავტომობილის მფლობელები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან საკუთარი ავტომობილის შენახვის ნაკლებ დანახარჯზე, მაქსიმალურად იყენებენ გზებს, რომ იაფი საწვავი ჩაასხან. ინსპექტირების ცენტრებში ეჭვის შეტანა სწორი არ არის. თითოეული ინსპექტირების ცენტრში არის ორი კამერა, რომლებიც რეალურ დროში იწერენ პროცედურას და ჩანაწერი ინახება 14 თვის განმავლობაში”, – აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი.

მისივე თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არს ჩანაწერი, რომ თუ პატრული თვალნათლივ ხედავს ავტომობილს, რომელიც ბოლავს, შეუძლია გააჩეროს და დააჯარიმოს. ასევე, უნდა დაინერგოს მაღალტექნოლოგიური საშუალებები, მათ შორის ჭკვიანი ვიდეოკამერები, ან ჰაერის საზომი ინდიკატორები, რაც აპრობირებული მეთოდია აშშ-ში და რომლებიც აფიქსირებენ კონკრეტულ შემთხვევებს.

ტრანზიტული ავტომობილების გაუმართავ მდგომარეობას რაც შეეხება, ქვეყანაში მოქმედი კანონის თანახმად, სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალებები გადიან, რომლებიც  რეგისტრირებულია საქართველოში, ხოლო ტრანზიტულად მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები არ ექვემდებარებიან ასეთი ტიპის რეგულაციებს. აქედან მომდინარე ისინი უკონტროლოა და არ ექვემდებარება დაჯარიმებას.

მსგავსი თემები