“ტელევიზიების საშუალებით ნაფიც მსაჯულებზე შტურმი მიმდინარეობს” – კობაურის ადვოკატი

ხადას ხეობაში, ამერიკელი ოჯახის, სმიტების მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები, ერთ-ერთი ტელეარხით გასულ სიუჟეტს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ნაფიც მსაჯულებზე ტელევიზიების საშუალებით შტურმი მიმდინარეობს.  

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ბრალდებულის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, ტელეეთერით გასული, კობაურის აღიარებითი ჩვენება ახალი არ არის და მას მტკიცებულებითი ფასეულობა არ გააჩნია. ეს არის დაკავების მომენტში ჩაწერილი ვიდეო, რის შესახებაც არაერთხელ განაცხადა დაცვის მხარემ, რომ ის კანონდარღვევით არის მოპოვებული, კობაურის დაშინების, მოტყუებისა და მუქარის გზით.

“ეს ჩანაწერი გუშინ, ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედების მიზნით გამოქვეყნდა. ჩანაწერს მტკიცებულებითი ფასეულობა არ გააჩნია. ის გაკეთებულია ბექაურის დაკავების მომენტში, კანონდარღვევით. საინტერესოა, საიდან მოხვდა ეს ჩანაწერი “რუსთავი 2″-ის ხელში? ეს ინფორმაცია ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც სხვადასხვა კუთხით მუშაობდა ჟურნალისტურ გამოძიებაზე და არც ერთ ეტაპზე ჩანაწერი საჯარო არ გამხდარა. არა იმიტომ, რომ ამაში რაიმე საიდუმლოა, უბრალოდ, ასეთ დეტალებს დახურულ სხდომაზე განვიხილავთ. მაშინ რა საჭირო იყო სხდომის დახურვა, თუ ყველაფრის აფიშირება მოხდა”, – განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მისივე განმარტებით, აღნიშნული ჩანაწერიდან დგინდება, რომ ის მოტყუებით არის გაკეთებული. ეს კი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებაა, რაც გულისხმობს, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით ან მოტყუებით, ჩვენების ან განმარტების მიღების დასჯას, 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. 

ადვოკატის თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამება ის, რომ თითქოს, ჯერ გაკეთდა ჩანაწერი, მერე განხორციელდა პირის გამოკითხვა და შემდეგ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. იმიტომ, რომ ამ მომენტისთვის ბექაურს ჩვენება უკვე მიცემული ჰქონდათ, რაც ზოგადად გამორიცხავდა სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას, რათა ჩანაწერი დაეკანონებინათ. აღნიშნული ჩვენება პროკურატურამ საგამოძიებო ექსპერიმენტის გზით შემოიტანა.

​რაც შეეხება სხვა გარემოებებს, ადვოკატის თქმით, ძალიან საინტერესო განმარტება მოისმინა საზოგადოებამ პროკურატურის მხრიდან, თითქოს ბრაიან სმიტის უკანა ტანში სპერმა ექსპერტების ბრალეულობით მოხვდა. 

“​საინტერესო განმარტება მოვისმინეთ პროკურატურისგან. თითქოს, ბრაიან სმიტის უკანა ტანში სპერმის არსებობა გამოწვეულია სამედიცინო ექსპერტიზის ბრალეულობით. კერძოდ, შინაგანი ორგანოები დაზიანდა, შემთხვევით ჩაიჭრა სათესლე ჭირკვლები და ამან გამოიწვია სპერმის უკანა ტანში ჩაღვრა. ეს ხომ აბსურდია? ჩვენ ექსპერტიზა გვჭირდება იმისთვის, რომ საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებები მოვიპოვოთ. ექსპერტიზა, პირიქით თუ დაგვიზიანებს და გაგვინადგურებს მტკიცებულებებს, ეს არა თუ უკანონობაა, გამოდის, რომ ვიღაცამ შემთხვევით თუ განზრახ, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა”, – განაცხადა ადვოკატმა “მთავარში”.

ვასილ მამულაშვილის თქმით, ტელევიზიებმა ხელი შეუწყეს ამ ვერსიის გავრცელებას და პროკურატურა ტელევიზიების საშუალებით ცდილობს აბსურდულ ვერსიებში საზოგადოების დარწმუნებას.

ამერიკელი ბრაიან და ლორა სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატების თქმით, გვამების გადაადგილების ვერსიაც, რის შესახებაც სიუჟეტში პროკურორი საუბრობდა, ახალი მოფიქრებულია, რომლის საზოგადოებისთვის მიწოდებას ორივე ტელევიზიამ შეუწყო ხელი.

“ამბობენ, რომ როცა ლორა სმიტი და ბავშვი იპოვეს, მანამდე აიარეს იმ ტერიტორიაზე და არ დახვდა ბრაიან სმიტის გვამი. თუმცა, ბუნებამ ხელი შეუწყო გამოძიებას და ზუსტად იმ დროს, როცა შებინდდა და სამძებრო სამუშაოები შეაჩერეს, ამ მომენტში უხვი ნალექი მოვიდა, ადიდდა წყალი, ჩამოიტანა გვამი იქ, სადაც მაშველები იყვნენ განთავსებულები. ამის შემდეგ წყლის დონემ დაიწია და მაშველებმა განაგრძეს ძებნა, ანუ წყლის დინებამ მათ ბრაიან სმიტის გვამი მიუტანა. ასეთი სახით ნაფიცი მსაჯულების შეცდომაში შეყვანა ვერ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არის გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულება საქმისადმი”, – აცხადებენ ადვოკატები. 

მათივე ინფორმაციით, 12 ნაფიცი მსაჯული უკვე მოლოდინის რეჟიმშია, რომ გაათმაგებული ენერგიითა და გულისყურით დაიწყონ მუშაობა ამ საქმეზე.

“დამახინჯებული ფორმით მტკიცებულებების გავრცელებას ჩვენ ვერ შევურიგდებით. მასმედიის საშუალებით მივმართავთ პროკურატურას, რომ არის დანაშაულის ნიშნები და დაიწყონ გამოძიება. ამ ჩვენების საფუძველზე გაშიშვლდა სამართალდამცავი ორგანოები და გამოაშკარავდა, თუ როგორ ხდება ადამიანებზე ზემოქმედება. ჩემთვის მიუღებელია მოტყუების გზით ადამიანისგან გარკვეული ინფორმაციის მიღება. ფარული ჩანაწერის, რომელიც კობაურის წინააღმდეგ არსებობს, თავად პროკურატურას არ სჯერა. ტელევიზიებით განხორციელებული შტურმი არ შეუწყობს ხელს ობიექტური ვერდიქტის გამოტანას, თუმცა დარწმუნებული ვარ, ობიექტური ვერდიქტით დადგინდება, რომ მალხაზ კობაურს ეს დანაშაული არ ჩაუდენია. მოვუწოდებ გენერალურ პროკურატურას მოახდინოს რეაგირება, რომ მსგავს ქმედებებს აღარ განმეორდეს”, – აცხადებს ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

მისივე თქმით, როცა სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები მოვიდა, ნულის ტოლი გახდა აღნიშნული ჩვენება. 

მსგავსი თემები