ტაქსის მძღოლები, საბანკო კრედიტებს, შეღავათიან პირობებში მიიღებენ

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, შეღავათიან პირობებში, საბანკო პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერიას, კონსულტაციები ჰქონდათ საბანკო სექტორთან და უახლოეს რამდენიმე დღეში, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის  კონკრეტული შეღავათიანი წინადადება ამოქმედდება, რათა მათ შეღავათიანი სესხის მიღება და არსებული ავტომობილების ახლით ჩანაცვლება შეძლონ.  

„ ტაქსის მძღოლების განცხადებით, მათი შემოსავალი არსად არ არის დაფიქსირებული და ამიტომ, მათ უჭირთ ბანკებიდან სესხის აღება, ავტომობილების შეძენა და ასე შემდეგ. ეს მათთვის სერიოზული პრობლემაა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საბანკო სექტორთან. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას. მომდევნო სამი-ოთხი დღის განმავლობაში, თავად ბანკები ამის შესახებ განცხადებას გააკეთებენ და კონკრეტული შეთავაზები იქნება ტაქსის მძღოლებისთვის. კონკრეტული პროგრამები მზადდება, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ სესხი და ჩაანაცვლონ ავტომობილები. იქნება იაფი კრედიტები და ხელშეწყობა ტაქსის მძღოლებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, პირველი ივლისიდან ტაქსები კატეგორიებად დაიყოფა, რომლის შესახებ  დეტალური ინფორმაცია ყველა მძღოლს მიეწოდა.

მსგავსი თემები