ტაქსის მძღოლები ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ

ტაქსის მძღოლები ბიძინა ივანიშვილის სახლესთან მერიის მიერ მათთვის ამოქმედებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. მათთვის მიუღებელია ახალი კანონდათქმა როგორც ტაქსების თეთრად გადაღებვის ვალდებულებაზე, ასევე ტექინსპექტირების წელიწადში ორჯერ გავლის აუცილებლობასა და მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვაზე. მძღოლები ამბობენ,  რომ მათ ეს რეგულაციები სერიოზულ პრობლემებს შეუქმნით. მათივე თქმით, 700 ლარიანი ვაუჩერი მანქანის შესაღებად საკმარისი არ არის და მათ თანხის დამატება საკუთარი ჯიბიდან მოუწევთ.  

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მერია ტაქსის მძღოლებს მანქანების მთლიანად თეთრად შეღებვის ნაცვლად, თეთრი ფირის გადააკვრას სთავაზობს. როგორც კალაძემ განაცხადა, ცვლილების მიზეზი მძღოლების პროტესტი გახდა მანქანების გადაღებვის შედეგად მათი ღირებულების შემცირების გამო.

„ ჩვენ გვესმის თანამოქალაქეთა მდგომარეობა და წავედით დათმობაზე, გადაღებვის ნაცვლად თბილისში მოძრავ ტაქსებს გადაეკვრება თეთრი საფარი. ეს ბევრად მოკლე დროში მოხდება და იაფიც დაჯდება. საფასურს მთლიანად მერია ანაზღაურებს, ხოლო თუ მფლობელს მანქანის გაყიდვა დასჭირდება, ფირს მოხსნის და უპრობლემოდ გაყიდის. ამით არავინ დაზარალდება. დროა, ცივილური გავხადოთ ეს სერვისი. სატრანსპორტო პოლიტიკა და დაგეგმილი რეგულაციები შეუქცევადად განხორციელდება პროტესტის, მით უფრო, უარგუმენტო პროტესტის მიუხედავად ტაქსების რეგულაციები აღარ გადავადდება,“ –  განაცხადა კახა კალაძემ.

ტაქსის მძღოლთა საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარეობს, სადაც მობილიზებულია საპატრულო პოლიციის კორდონი.

საპროტესტო აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გამოსაკითხად წაიყვანეს მძღოლების საინიციატივო ჯგუფის ორი წევრი. აქვე იმყოფებიან „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები.

მსგავსი თემები