ტაქსის მომსახურების ნებართვა ელექტრონული ავტომობილებისთვის უფასო იქნება 

თბილისის მერია ტაქსის კომპანიებს საკუთარ მოთხოვნებს უყენებს, პირველ ეტაპზე, მძღოლებისთვის რეგისტრაციის ნებართვის აღება და ავტომობილებზე ყვითელი მანიშნებლის განთავსება სავალდებულო იქნება. ნებართვის აღების საფასური ჰიბრიდული ავტომობილებისთვის 50 ლარი, ხოლო ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი იქნება, ხოლო ელექტრონული ავტომობილებისთვის უფასო იქნება. ნებართვის​ასაღებად ფიზიკურმა პირმა განცხადება ელექტრონული ფორმით უნდა შეავსოს. ნებართვა, სადაც მათ შესახებ ინფორმაცია იქნება დატანილი, მუდმივად თან უნდა იქონიონ.

როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე განმარტავს, ახალი წესი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც, საკანონმდებლო ინიციატივას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებს.

მისივე განმარტებით, ადამიანებს, რომელთაც სურთ ნებართვა აიღონ, შესაბამის ელექტრონულ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ, რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მათ ორთვიანი წინასწარი ვადა ექნებათ, რომ შესაბამისი ნებართვა აიღონ. ასევე, სავალდებულო იქნება მანქანის სახურავზეტაქსის მანიშნებელი ყვითელი მანათობელი ნიშნის განთავსება. სხვა შემთხვევაში, მომსახურება უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება.

ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპზე გარკვეული მოთხოვნები დაწესდება. კერძოდ, არის თუ არა მათი ავტომობილები 2019 წლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, მძღოლებს რეგისტრაციის პირველივე ეტაპზე ეცნობებათ. მეორე ეტაპისთვის საუბარი იქნება ავტომობილების ერთიან ვიზუალზე, ფერზე, რაც 2019 წლიდან შევა ძალაში. ასევე, გარკვეული მოთხოვნები იქნება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე და ავტომანქანებზე მათი კარების რაოდენობის მიხედვით

„მეორე ეტაპისთვის ჩვენ უკვე განსაზღვრული გვაქვს მინიმალური მოთხოვნები, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში კიდევ დაიხვეწება და დამატებით გასაჯაროვდება“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე ტაქსების კომპანიების წარმომადგენლებსა და სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 10 ივლისს შეხვდნენ.

მერის მოადგილეების ინფორმაციით, დოკუმენტი დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად, მომავალ კვირას გადაეგზავნება. მძღოლებს, მომსახურების მისაღებად თვენახევრიდან ორთვემდე ვადა მიეცემათ.

ელექტრონული პორტალის გარდა, მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას გამგეობებში სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომლებიც გაუწევენ.

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან, შესაბამისი ნებართვის გარეშე ტაქსით გადაყვანის მომსახურების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

მსგავსი თემები