„ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია უნდა გაფართოვდეს და დაიწყოს სამართლებრივი დევნა“ – ცენტრი „ემპათია“

„არაადეკვატური სახელისუფლებო პოლიტიკის ნაწილია ის, რომ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, დღეს-დღეობით, მხოლოდ მეხუთე ხარისხოვანია და ეთნიკურად არა რუსი სამხედროების ამარაა დარჩენილი“ – განაცხადა წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძვანელი მარიამ ჯიშკარიანმა მედიაცენტრ მთავარში“ და სიის გაფართოება მოითხოვა.

მისივე შეფასებით, ამ სიის წევრებს, საერთაშორისო დონეზე მკაცრი რეგულაციები უნდა დაუწესდეთ.

„ეს სია ასეთი არაქმედითუნარიანი არ უნდა იყოს. საერთაშორისო ასპარეზზე უნდა დაისვას საკითხი, რომ ამ სიაში ვინც მოხვდება, როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ს მიერ მკაცრი რეგულაციები უნდა დაუწესდეთ.  სია აუცილებლად უნდა გაფართოვდეს“ – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ცენტრის იურისტის გიგა ლემონჯავას შეფასებით,  არსებული რეალობის მთავარი მიზეზი დაუსჯელობის განცდაა.

„მივმართეთ შსს-ს, საქართველოს უსაფრხოების სამსახურს და პროკურატურას, რომ გამოევლინათ ნაბაკევის საოკუპაციო სამხედრო ბაზისა და შტაბის მეთაურების  ვინაობა და დაეწყოთ მათ წინააღდეგ სისხლის სამართლის დევნა. ადგილზე ადამიანის უფლებების უხეში  დარღვევების მიზეზი დაუსჯელობის განცდაა, რომელიც რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ძალებში, იმ ოფიცრებში არსებობს, რომლებიც ყოველდღიურად არღვევენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს“ – განაცხადა ლემონჯავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია უნდა გაფართოვდეს და იქ სწორედ ის ადამიანები უნდა შევიდნენ,  ვის ხელშიც ირაკლი კვარაცხელია გარდაიცვალა.

„ნაბაკევის საოკუპაციო სამხედრო ბაზის და შტაბის უფროსები ჩვენი ძალებით გამოვავლინეთ.  მათი სახელები, გვარები და სხვა მონაცემები შესაბამის უწყებებს მივწერეთ, თუმცა,  სისხლის სამართლებრივი დევნა ამ ადამიანების მიმართ არ დაწყებულა.  ასევე, არ მომხდარა ტატუნაშვილი-ოთხოზორია სიის გაფართოება. უნდა გაფართოვდეს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია და დაიწყოს ეფექტური კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ევროპისა და აშშ-ში“ –  განაცხადა ლემონჯავამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები