“სანამ თქვენ საყოველთაო კარანტინს საყოველთაო არდადეგებად ჩათვლით, ექიმები არაადამიანურ რეჟიმში უვადოდ ვიცხოვრებთ” – მარიამ გრიგორაშვილი

პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ექი­მი მა­რი­ამ გრი­გო­რაშ­ვი­ლი ინტერნეტში 5 კვირის უნახავი შვილის ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„19 მარტი იყო, როდესაც ბოლოს ვნახე ჩემი შვილი. უფრო სწორად, დაძინებულს ვაკოცე და რამდენიმე კვირით (მისთვის) დავიკარგე. წავედი კლინიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ. სიღრმეებს არ ჩავყვები, კლინიკაში რამდენი ძალიან მაგარი რამ ვნახე, რამდენი ზრუნვის, პატივისცემის და სიყვარულის მაგალითი, ამაზე სხვა დროს. მშრალ ინფორმაციას მოგაწვდით: 3 კვირა ვიმუშავე – 2 კვირა ბოქსირებულ პალატებში, 1 კვირა რეანიმაციაში. ახლა თვითიზოლაციის ორკვირიან პერიოდს გავდივარ, და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ 1-ელ მაისს ჩემი შვილის დაბადების დღეს მის გვერდით ყოფნა შევძლო. შემდეგ დიდი ალბათობით ისევ მომიწევს კლინიკაში დაბრუნება და ოჯახთან განშორება. ამ 5 კვირის განმავლობაში პირველად გამოვაკლდი დედაჩემის დაბადების დღეს. ასევე პირველად არ შევხვდები აღდგომას ოჯახთან ერთად. გამოვაკლდი ყველაზე საყვარელ მომენტს, რომელსაც ნატალის დაბადებიდან ველოდებოდი – მან წინა ორი ძირითადი კბილი ამოიღო, პატარა ფანჯარა გაიკეთა და ეხლა საყვარლად თლიფინებს შიგადაშიგ. ვუყურე ჩემს შვილს, როგორ ეხუტება ეკრანს ჩემი დანახვისას. მოვუსმინე, 5 წლის ბავშვი როგორ მამხნევებს, რომ ძალა მომცეს… ძალიან არ გავაგრძელებ, ბევრი რამ ვნახე ამ 5 კვირის მანძილზე, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ეს არ არის ჩემი ცალკეული შემთხვევა. ასეთი ისტორია აქვს თითოეულ მედიკოსს, რომელიც დღეს კლინიკაში COVID19-დადასტურებულ პაციენტთან მუშაობს. ასეთი ისტორიები აქვთ ჩემს ექიმებს, უმცროსებს და ექთნებს, სანიტრებს, რომლებსაც ერთი წუთითაც არ დაუხევიათ უკან. ამ ხალხს მეორე თვეა ოჯახი არ უნახავს – არც ერთ მათგანს.

სანამ თქვენ გარეთ ჩვეულებრივად ცხოვრებას განაგრძობთ, თქვენს გამო უამრავი ადამიანი ოჯახისგან იზოლირებულად ცხოვრობს და მუშაობს. არც ერთი მათგანი არავის აყვედრის ამ ამბავს. ასე ესმით, ასე უყვართ და ასე მიაჩნიათ თავიანთი საქმე სწორად, მაგრამ სანამ თქვენ მეგობრებთან იკრიბებით, პიკნიკებზე დადიხართ და სადღესასწაულო შეკრებებისთვის ემზადებით, ერთი წამით დაფიქრდით ხალხზე, ვინც თქვენს გამო ამ მწარე დღეებს გადის. ამ ადამიანებსაც უნდათ ოჯახში დაბრუნება, შვილების ჩახუტება, ოჯახური სითბოს ძველებურად შეგრძნობა. ამ ხალხსაც უნდათ ნორმალური ძილი, ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება, და სანამ თქვენ ასე, ერთმანეთისგან დისტანცირების გარეშე გააგრძელებთ ცხოვრებას და საყოველთაო კარანტინს საყოველთაო საგაზაფხულო არდადეგებად ჩათვლით, ამ ხალხს მოუწევს ამ არაადამიანურ რეჟიმში, ოჯახებისა და საყვარელი ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრების გაგრძელება უვადოდ! ხოდა ძალიან დიდი თხოვნა მექნება, მიიტანოთ ამ ხალხის ემოციებიც გულთან, გაიაზროთ თქვენი, როგორც ცალკეული ინდივიდის პასუხისმგებლობა სოციუმის მიმართ, და ძალიან ცოტა ხნით დარჩეთ სახლში“, – წერს მარიამ გრიგორაშვილი.

მსგავსი თემები