საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორი ქალი შეიყვანეს – მათი მდგომარეობა მძიმეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში ორი პაციენტი უკვე დადასტურებული დიაგნოზით მარნეულიდან გადმოიყვანეს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„იყო 17 კორონავირუსით ინფიცირებული და ორი დაგვემატა. ეს ორი არის მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონები. ერთი არის უკიდურესად მძიმე კრიტიკულ მდგომარეობაში და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი, აპარატზეა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ორივე დადასტურებულია იქ, სწრაფი ტესტის საშუალებით და ჩვენთან მოვიდა როგორც დადასტურებული შემთხვევები. მეორე ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ რჩება ინტენსიური თერაპიის ბლოკში“ , – განაცხადა ტურძელაძემ.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 21 გამოჯანმრთელებულია.

მსგავსი თემები