“სახალხო დამცველზე იყო ზეწოლა, ოდირში ისეთი რამ გააგზავნინეს, რაც არ უნდა გაეგზავნა” – ირაკლი კობახიძე

„ზეწოლა იყო სახალხო დამცველზე, ანუ არაკომპეტენტურობა გამოავლინა ოპოზიციამ, ისეთი რამ გააგზავნინეს სახალხო დამცველს, რომელიც არ უნდა გაეგზავნა და ეს მათ იცოდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია.

„ისეთი რამ გააგზავნინეს სახალხო დამცველს, რომელიც არ უნდა გაეგზავნა და ეს მათ იცოდნენ, რადგან ჩამოსული იყო ვენეციის კომისიის მდივანი და თბილისში, ვიდრე გაიგზავნებოდა ეს თხოვნა ოდირში, მანამდე ვენეციის კომისიის მდივანმა უთხრა ოპოზიციას, რომ ვერც ვენეციის კომისია და ვერც ოდირი პროექტის კონსტიტუციურობას ვერ დაგიდგენთო. ამის მიუხედავად, მაინც გააგზავნეს ეს თხოვნა ოპოზიციის წარმომადგენლებმა და პატარა ბავშვებივით ჩაიყენეს მძიმე მდგომარეობაში თავი. პირდაპირ შავით თეთრზე წერია ისეთი რამ, რაც ოპოზიციისთვის არის მძიმე მოსასმენი, რომ ერთადერთი, ვისაც შეუძლია პროექტის კონსტიტუციურობის დადგენა, არის ეროვნული საკონსტიტუციო სასამართლო. პატარა ბავშვივით რომ მიგანიშნებენ რაღაცაზე, ასეთი მინიშნებაა ჩადებული ოდირის დასკვნაში. შესაბამისად, ბუნებრივია, ოპოზიციის წარმომადგენლები არიან მძიმე მდგომარეობაში და ისინი თვლიან, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ტყუილი, თუმცა ტყუილი ვერ იქნება გამოსავალი“ ,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.

მსგავსი თემები