“სჯობს, პატიმრობის ნაცვლად, ნარკომომხმარებლებმა რეაბილიტაცია გაიარონ” – აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კონკრეტული ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით პატიმრობის გაუქმების შესახებ, არ ეთანხმება.

ზოიძის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების დაყოფა რთული იქნება და სჯობს პატიმრობის ნაცვლად, ნარკომომხმარებლებმა რეაბილიტაცია გაიარონ. 

„ასეთი გაყოფა ძალიან რთული იქნება. ჩემი აზრით, ეს ეწინააღმდეგება, თუნდაც იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მარიხუანა, კანაფი, ასევე, გარკვეული რაოდენობით, სადღაც 10 პროცენტში რეგულარული მოხმარებისას, იწვევს აგრესიასა და ფსიქოზურ მოვლენებს. გამართლებულია, რომ ეს ადამიანები ციხის მაგივრად გაუშვა რეაბილიტაციის ცენტრებში მკურნალობისა და პრევენციის მიზნით, ვიდრე გაუშვა ციხეში, რომელიც სარეაბილიტაციო დაწესებულება არ გახლავთ“, – განაცხადა ზოიძემ.

ცნობისთვის,  საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 2 აგვისტოს არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსების ის მუხლები, რომლებიც პატიმრობას ითვალისწინებდა ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რაც არ იწვევს სწრაფ მიჩვევას ან აგრესიულ ქცევას.

მსგავსი თემები